კობახიძე – „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა სალომე ზურაბიშვილს ყველაფერი აკადრეს, დღეს კი, ზურაბიშვილი ეგებება მათ… ეს ღირსების აყრაა

ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ სალომე ზურაბიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გაცხოველებული შეხვედრები. ძალიან საცოდავი სანახავები იყვნენ სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობასთან“ ერთად და „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილთან ერთად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, წარმოუდგენელია ღირსებაზე უარის თქმა ასეთი ფორმით და ამ მასშტაბით.

„სალომე ზურაბიშვილისგანაც კი გამიკვირდა, რომ ასე შეძლებდა საკუთარი ღირსების დათმობას. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მოიცავს რამდენიმე პარტიას, ტელევიზიებს, კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათთან ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს „შესანიშნავი“ შეხვედრა. მართლა სამარცხვინო იყო. წარმოიდგინეთ, ერთ მხარეს იყო ზურაბიშვილი, მეორე მხარეს ადამიანები, რომლებიც პირდაპირი გაგებით ხან აგინებდნენ, ხან უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, სამარცხვინო ეპიტეთებით მოიხსენიებდნენ, დღეს კი, სალომე ზურაბიშვილი ხვდება ამ ადამიანებს. ამას აკეთებს იმის ხარჯზე, რომ საკუთარ ამომრჩეველს ჰკრავს ხელს. ეს არის მართლა ღირსებასთან დაპირისპირება, რაც უბრალოდ სამარცხვინოა. დაახლოებით ათი კაცი სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურად აგინებდა. 2018 წელს ყველაფერი აკადრეს, რისი კადრებაც შეიძლებოდა და მერეც არ დააკლეს. ამის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი ეგებება ამ ადამიანებს, რადგან ის გახდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ეს ხომ სამარცხვინოა, ეს ხომ ღირსების აყრაა“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობის შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რაზეც კობახიძემ განაცხადა:

„იცით, რომ სხვადასხვა ქვეყანაში უზრუნველყოფილია შესაბამისი საარჩევნო უბნების გახსნა, რისთვისაც გამოიყენება საელჩოები, დიპლომატიური წარმომადგენლობები და ამ რეჟიმში ჩატარდება საარჩევნო პროცესი. ყველას ექნება საშუალება, სურვილის შემთხვევაში მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. დანარჩენი – აქაც, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ჩართულია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კამპანიაში, რომელიც რაღაც პოლიტიკურ მიზნებს ისახავს. საარჩევნო პროცესი იქნება სათანადოდ წარმართული ჩვენს ქვეყანაში და ამაზე პასუხისმგებლობას იღებს ხელისუფლება“, – აღნიშნა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშითიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის – „კემპის“ ახალი სეზონი იწყება
შემდეგი სტატიაბოკუჩავა – სისტემატური ხასიათი აქვს, როცა „ოცნების“ კაცი დეპუტატები არ ერიდებიან თავდასხმას ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ