საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის სასახლეში, სამხედროების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის ძალებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ჯარის როლს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მშვიდობა ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია, მისი საყრდენი კი ძლიერი ჯარია:
„საქართველოს თავდაცვის ძალები ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საიმედო საყრდენია. მშვიდობა ჩვენი მთავრობისა და ხალხის უმთავრესი პრიორიტეტია. ეს არის ქვეყნის წინსვლისა და განვითარების საფუძველი. მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი კი ძლიერი, თანამედროვე და მაღალი სტანდარტების ჯარია“, — აღნიშნა პრემიერმა.
კობახიძე სამხედროებს სახელმწიფოს მხრიდან სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა და აღნიშნა, რომ მთავრობა მუდმივად იზრუნებს თავდაცვის ძალების სრულყოფაზე:
„ჩვენ მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ხოლო თითოეულ ჯარისკაცს, ოფიცერსა თუ სერჟანტს ცხოვრებისა და საქმიანობის საუკეთესო პირობები და სათანადო დაფასება ჰქონდეს“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
















