კობახიძე – მჯერა, საქართველოს შეუძლია განსაკუთრებული წვლილის შეტანა ევროპის მრავალფეროვნების კიდევ უფრო გამდიდრებაში

მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია თავისი ღირსეული წვლილი შეიტანოს ევროკავშირის აღორძინებასა და განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო არის მცირე, მაგრამ ძველი კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყანა და ევროპის ერთ-ერთი ღირებულება არის სწორედ მრავალფეროვნება.

„მე მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია განსაკუთრებული წვლილის შეტანა ევროპის მრავალფეროვნების კიდევ უფრო მეტად გამდიდრებაში, ევროპის განვითარებაში. რა თქმა უნდა, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

დღეს საქართველო არის მოწინავე, ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით, იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, თუ ეკონომიკური განვითარების ტემპები. მთავარია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეს დინამიკა და ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ძალიან მალე გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ბრიუსელში ყოფნის დროს გავაკეთე ამბიციური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2030 წლისთვის თუკი ვინმე კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო, ამისთვის ყველაფერი კეთდება, გაკეთდება და მჯერა, რომ უახლოეს მომავალში, არაუგვიანეს 2030 წლისა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი” – ეს არ არის უბრალო სიტყვები – კალაძე
შემდეგი სტატიაჰერჩინსკი – შემოდგომაზე ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო ნაბიჯებს ევროკავშირისკენ