კობახიძე: მიზანია, რომ რამენაირად სააკაშვილი გაიყვანონ ციხიდან. ეს დღესავით ნათელია და ამ ახირებას ჩვენ ვერ გავყვებით

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ აქციებზე ხალხს ვეღარ აგროვებს და ცდილობს, პროტესტის ფორმა შეცვალოს.

„არავითარი კრიზისი არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობდა თავის დროზე, ყველაფერი ხელოვნური იყო. ახლაც აბსოლუტურად ყველაფერი ხელოვნურია, თუმცა ამას ხელოვნურ კრიზისსაც ვერ დავარქმევ. საზოგადოება ყველაფერს ხედავს, ისინი ხალხს ვეღარ აგროვებენ და ცდილობენ, ისეთ ფორმას მიმართონ, რომელსაც აღარ სჭირდება ხალხის შეგროვება. რაც შეეხება მოთხოვნას, მოთხოვნა თავისთავად აბსურდულია და უკვე სრული აბსურდის თეატრია, რასაც ჩვენ ვხედავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ყოფილიყო სააკაშვილი გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, როცა ამისი აუცილებლობა არ არსებობდა.

„რაც შეეხება სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ისე ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენი, ხელისუფლების მხრიდან ახირებაა მისი არგადაყვანა. სინამდვილეში, უკვე ორ კვირაზე მეტია, ისინი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას აყენებენ და ხედავთ, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში ამის არავითარი აუცილებლობა არ არსებობდა. რატომ უნდა ყოფილიყო სააკაშვილი ეს ორი კვირა და მეტი სამოქალაქო საავადმყოფოში, აბსოლუტურად გაუგებარია. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ორი კვირის განმავლობაში რა იქნებოდა სამოქალაქო საავადმყოფოში და სამოქალაქო საავადმყოფოსთან. ერთი, რომ ადამიანი, რომელიც უნდა იყოს ციხეში, იქნებოდა ციხის გარეთ გაუგებარი მიზეზით. თანასწორობა უნდა იყოს დაცული ყველას მიმართ. ასევე იქნებოდა მუდმივი რისკი. იქ საჭირო იქნებოდა სამართალდამცავი ორგანოების აბსოლუტურად არასაჭირო მობილიზაცია. ეს ყველაფერი არის ერთადერთი მიზნით გამოცხადებული, მიზანია, რომ რამენაირად სააკაშვილი გაიყვანონ ციხიდან. ეს დღესავით ნათელია და ამ ახირებას ჩვენ ვერ გავყვებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოიყენოს კანონმდებლობით მისთვის მონიჭებული უფლებამოსილება და შექმნა მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი
შემდეგი სტატიაკობახიძე: სააკაშვილს უკვე 200-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა და ყველა რწმუნდება, რომ მდგომარეობა არის კარგი