„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და მისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებას ეხმაურება.
ინაშვილი ღარიბაშვილს მეგობრულ რჩევას აძლევს და მოუწოდებს, საჯაროდ ისაუბროს. მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის ჯგუფი“ ცდილობს ყოფილ პრემიერს ჯარის გაძარცვა დააბრალოს, რათა იგი პოლიტიკურად და საზოგადოებრივად განადგურდეს.
„ჩემი აზრით, ახლა სწორედ ეს ხდება. ღარიბაშვილს უნდა დააბრალონ ჯარის გაძარცვა და მე მას მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე. ჯერ ერთი — მოვლენებს დაასწროს და, რაც მთავარია, ხალხს გააგებინოს მისი სიმართლე“, — წერს ირმა ინაშვილი.
პოლიტიკოსი ასევე ეხება მის მიმართ შესაძლო პროვოკაციებსა და მოსალოდნელ დაკავებას. მისი შეფასებით, „კობახიძე-მდინარაძის ჯგუფი“ მასსა და მის მეგობრებს ხაფანგში გაბმას უგეგმავს, რადგან ისინი ამ ჯგუფს საჯაროდ ამხელენ. ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ მათ მისი დაპატიმრებაც სურდეთ.
ამასთან, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი განმარტავს, რომ იგი არანაირ ფარულ კამპანიას არ მართავს, ირაკლი ღარიბაშვილი მის უკან არ დგას და ინფორმაციას მხოლოდ საჯარო წყაროებიდან იღებს. იგი ასევე აღნიშნავს, რომ სჯერა ღარიბაშვილის განცხადების, რომლის მიხედვითაც ყოფილ პრემიერს ივლისში მამუკა მდინარაძისგან მუქარის შემცველი წერილი მიუტანეს.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული შესყიდვებიდან დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.














