კობახიძე მარნეულის ინციდენტზე: მარტივად არ შეიძლება ადამიანის შეგდება იზოლატორში

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გამოძიებას სჭირდება დრო და ადამიანების თუნდაც წინასწარი დაკავების იზოლატორში მარტივად “შეგდება” არ შეიძლება.

კობახიძის თქმით, სამართლებრივი რეაგირება იქნება მარნეულში, ბოლნისსა და თბილისში მომხდარ ინციდენტებზე.

“ეს დროის საქმეა. უახლოეს მომავალში დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. იყო კონკრეტული სამართალდარღვევა და ამას მკაცრი რეაგირება სჭირდება. 2012 წლის შემდეგ, რაც არის ერთ-ერთი მიღწევა, ეს გამოძიების მაღალი სტანდარტია და მარტივად არ შეიძლება ადამიანის შეგდება თუნდაც წინასწარი მოთავსების იზოლატორში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გარემოებების დადგენას გარკვეული დრო სჭირდება. მგონია, დღეს-ხვალ ყველაფერს მოეფინება ნათელი, შესაბამისად, იქნება რეაგირება მარნეულზეც, ბოლნისზეც და თბილისზეც”, – განაცხადა კობახიძემ.

მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

28 სექტემბერს ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა აჰმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ევროპული საქართველოს აქტივისტს, ტირის თოფი ესროლეს. ფორმულას ეთერში მან განაცხადა, რომ თავდასხმა ბანერის გაკვრის დროს მოხდა. 

თავს დაესხნენ მთავარი არხის ოთხ თანამშრომელს. მათ ჟურნალისტი, ჯეიჰუნ მუჰამედალის სცემეს და თავი გაუტეხეს. ის თბილისის ნიუ ჰოსპიტალსში გადაიყვანეს. ჟურნალისტმა კლინიკა უკვე დატოვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსაც დაესხნენ თავს, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს.

მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

ამასთან, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები.

ოპოზიციური პარტიები ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნებში წაგების შიშზე მიუთითებს.

ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება.

ხელისუფლებას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდა კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC) განაცხადეს, რომ დაუშვებელია წინასაარჩევნო პროცესებში ძალადობრივი მიდგომების გამოყენება, მით უფრო ამ პროცესში საკრებულოს წევრების მონაწილეობა. მათივე შეფასებით, საგანგაშოა, რომ მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თავს მათი საქმიანობის გამო დაესხნენ.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ საარჩევნო სია ცნობილია
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – მოლოდინი გვაქვს რომ, არჩევნებში ჩვენი მაჩვენებელი 50 პროცენტს მნიშვნელოვნად გადასცდება