ჯო უილსონს მე მგონი არავინ აღიქვამს სერიოზულად არც საკუთარ ქვეყანაში. ის წარმოადგენს პრეზიდენტის პარტიას, რესპუბლიკურ პარტიას და თქვენ იცით, რომ პრეზიდენტი ტრამპი მაქსიმალურად ცდილობს გააღრმაოს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან. ჰქონდა ცოტა ხნის წინ ვიზიტი ჩინეთში, მეგობარს უწოდებს ჩინეთის პრეზიდენტს ამ ფონზე როდესაც გამოდის ვიღაც ჯო უილსონი და საუბრობს იმაზე, რომ ჩინეთს აქვს ნეგატიური გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, სრულიად არასერიოზულია,– ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ კანონპროექტზე საუბრისას კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჯო უილსონი არასერიოზული კაცია. მისი თქმით, საქართველო აგრძელებს აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას:
“ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი – ეს ერთი. მეორე, ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან. გვაქვს კონკრეტული საუბრები და გვაქვს იმედი, რომ ეს საუბრები მოიტანს შედეგს. შედეგი უნდა იყოს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის განახლდება. ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი” – თქვა კობახიძემ.
გასულ ღამეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის საწინააღმდეგო აქტი მიიღო. დოკუმენტი აშშ-ს სახდეპს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებასა და 5-წლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალებს.















