„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ გლობალური ომის პარტიის მიერ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე განხორციელებულ ქმედებებზე ისაუბრა.
„ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები ამოქმედდა ზუსტად ომის დაწყებასთან ერთად. მას ერიცხებოდა თანხები შვეიცარიული ბანკებიდან. მას შეუჩერდა ტრანზაქციები ყოველგვარი არგუმენტებისა და დასაბუთების გარეშე. აქ არის აბსოლუტურად ლოგიკური დასკვნა გამოსატანი იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილის დე ფაქტო სანქცირება პირდაპირ დაკავშირებულია იმ ზეწოლასთან რომელიც ხორციელდებოდა, მათ შორის, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ხელით“, – აღნიშნა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ ამ ზეწოლის მიზანი ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა იყო.
„წარმოიდგინეთ, დღემდე ბელარუსიდანაც კი არ ჰყავს გაწვეული ელჩი უკრაინას და საქართველოდან გაიწვიეს ელჩი ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, როცა ემოციური ფონი, ბუნებრივია, ძალიან მძიმე იყო ქართულ საზოგადოებაში. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, ემსახურებოდა ერთადერთ რამეს – საქართველოში სურდათ მეორე ფრონტის ხილვა, რასაც ირიბად ამბობდნენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ეს რუსეთს დაუმძიმებდა ვითარებას, მაგრამ უმძიმესად აისახებოდა ჩვენი ქვეყნის ბედზე“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით,რადიკალური ოპოზიციის ნაწილი თავს ესხმის საქართველოში ყველაზე სანდო ინსტიტუტს – ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას.
„ზოგადად, თუ გინდა ქვეყნის სიძლიერის შერყევა, უნდა დაესხა თავს მის ძირითად ინსტიტუტს. ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტები და მთელი ამ დროის განმავლობაში ეს ადამიანები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის შიგნით, რადიკალური ოპოზიცია თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტებს. მათ შორის, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებს, პოლიციას.
მეორე მიმართულება არის ეკლესია, რომელიც ჩვენი ქვეყნის იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. თუ ეკლესიის სიძლიერეს შეარყევ, ავტომატურად, ქვეყნის სიძლიერეს შეარყევ“, – განაცხადა კობახიძემ.