პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებას “შანტაჟს” უწოდებს და ირწმუნება, რომ “შანტაჟი განწირულია წარუმატებლობისთვის”.
“გრძელდება შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. იცით, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული ევროპაში 2 მლრდ აშშ დოლარი, თუმცა ახლა შანტაჟი გრძელდება უკვე სხვა ფორმით, ისმენთ მუქარას ფორმალური სანქციების დაწესებაზე. ვერც ასე და ვერც ისე ეს ადამიანები ვერ მიაღწევენ მიზანს. მიზანი ყველამ ვიცით, რაც არის – მათ სურთ, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რა თქმა უნდა, ეს შანტაჟი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება წარმატებული, ვერც ახლა. ვერ ისწავლეს ის, რომ წლების განმავლობაში რაც არ მუშაობს, ვერ იმუშავებს წლების შემდეგაც. აქედან გამომდინარე, ეს შანტაჟიც არის განწირული წარუმატებლობისთვის”- ამბობს კობახიძე.
*20 სექტემბერს, ამერიკის ხმამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა.