იმედი მაქვს, ამ „ენჯეოს“ დონორები სათანადო პოზიციას გამოხატავენ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ვრცელდება სწორედ უცხოური დაფინანსებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ჟურნალისტებმა პრემიერს დაუსვეს კითხვა, რომლის თანახმადაც: „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხედვაში საუბარია იმის შესახებ, რომ საქართველოს კონკრეტული ურთიერთობები აქვს რუსეთთან. ამავე ხედვაში საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთთან კოორდინირებული მუშაობით ეხმარება რუსეთს, რათა გვერდი აუაროს სანქციებს“.
კობახიძის თქმით, ეს არის თავდასხმა ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე.
„ერთი, რომ ეს არის კლასიკური დეზინფორმაცია. მეორე – ეს არის თავდასხმა ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე. როცა ამას აკეთებს კონკრეტული „ენჯეო“, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე. ეს არის ასე თუ ისე ქართული „ენჯეო“. იმედი მაქვს, რომ ამ „ენჯეოს“ დონორები სათანადო პოზიციას გამოხატავენ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ვრცელდება სწორედ უცხოური დაფინანსებით ამ კონკრეტული „ენჯეოს“ მიერ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.