კობახიძე – გვარამიას გათავისუფლება ვერავითარ კავშირში ვერ იქნება კანდიდატის სტატუსთან

გვარამიას გათავისუფლება ვერავითარ კავშირში ვერ იქნება კანდიდატის სტატუსთან, გვარამიას გათავისუფლება პირიქით, არის პირველი პუნქტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რაც გულისხმობს დეპოლარიზაციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, გვარამიას შეწყალებაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის სწორედ 12 პუნქტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი.

„ეს არის ტყუილი, გვარამიას გათავისუფლება ვერავითარ კავშირში ვერ იქნება კანდიდატის სტატუსთან, გვარამიას გათავისუფლება პირიქით, არის პირველი პუნქტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რაც გულისხმობს დეპოლარიზაციას. გვარამია, რომელიც იყო პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ქართულ პოლიტიკაში, გაათავისუფლა პრეზიდენტმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის პირდაპირ დაუპირისპირდა დეპოლარიზაციის ინტერესს, შესაბამისად, ეს არის სწორედ 12 პუნქტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით განმარტებებს გააკეთებს.

„ჩვენ 12 პუნქტთან დაკავშირებით გავაკეთებთ დეტალურ განმარტებებს. გავაკეთებთ განმარტებებს საზოგადოებისთვის იმის შესახებ, თუ როგორ შესრულდა თითოეული პუნქტი. ამაზე დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით, რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას და ასევე, ბუნებრივია, მივაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს არა ქართველი ამომრჩევლის კარნახით, არამედ გარე კარნახით
შემდეგი სტატიაუნდა დავაკვირდეთ, ეს არის ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ – კობახიძე რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე