“ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე ისევ ამტკიცებს,რომ ნიკა გვარამიამ რუსთავი 2 “გაძარცვა” და ამ “ძარცვაში” ის მაშინდელ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, ყოფილ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს, ოპოზიციასა და ენჯეოებსაც ადანაშაულებს. კობახიძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მაშინ, უზენაესის აღსრულების შეჩერებამ, “გვარამიას დანაშაულის ჩადენის საშუალება” მისცა:
“ყველამ იცის იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც ჩაიდინა ნიკა გვარამიამ. ეს დადასტურდა სასამართლოს მიერ თავის დროზე, სხვათა შორის, იგივე ადამიანები იყვნენ ჩართული კამპანიაში, რომელმაც გვარამიას მისცა ამ დანაშაულის ჩადენის საშუალება, მაშინ მთელი კამპანია იყო სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს, მაშინდელმა პრეზიდენტმა, [გიორგი მარგველაშვილი], მაშინდელმა სახალხო დამცველმა [უჩა ნანუაშვილი], ოპოზიციონერებმა, ენჯეოებმა და .ა.შ. მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს, რომ შეჩერებულიყო უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და დაახლოებით 2 წლით ამ გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა. სწორედ ამ შეჩერებამ მისცა გვარამიას დანაშაულის ჩადენის საშუალება. ის რეალურად თავს დაესხა დამოუკიდებელ მედიას, რომელიც გადასაცემი ჰქონდა მოგვიანებით კანონიერი მფლობელისთვის. მან იცოდა, რომ სტრასბურგი აუცილებლად გაყვებოდა იმ საქმეს, რომელიც განიხილა უზენაესმა სასამართლომ. მიზეზი იყო მარტივი. რეალურად, უზენაესმა დაადგინა თავის დროზე მარტივი ეჭეშმარიტა, რომ კანონიერ მფლობელს წაართვეს რუსთავი 2 და იგივე გაიმეორა სტრასბურგის სასამართლომ. გვარამიამ იცოდა, რომ მას კანონიერი მფლობელისთვის ექნებოდა გადასაცემი რუსთავი 2, ისარგებლა 2 წლიანი შეჩერების პერიოდით და ამ ორ წელიწადში გაძარცვა ტელეკომპანია 7 მილიონი ლარით, შესაბამისად , ამ დანაშაულზე მასთან ერთად პასუხისმგებელი არიან მაშინდელი პრეზიდენტი, მაშინდელი სახალხო დამცველი, ოპოზიციური პარტიები, ენჯეოები და მათი უცხოელი პატრონები, მათ შორის ის ევროპარლამენტარები, რომლებიც დღესაც საუბრობენ ამ საქმესთან დაკავშირებით სხვანაირი ფორმით.” ამბობს კობახიძე.
კითხვაზე, ელოდება თუ არა პრეზიდენტის მხრიდან, ნიკა გვარამიას შეწყალებას, კობახიძე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ ახსენებს წარსულში გაკეთებულ განცხადებებს. მისივე თქმით, “როგორც ჩანს, პრეზიდენტს აქვს წითელი ხაზები და ეს კარგია”
“თავის დროზე გახსოვთ როგორ მოიხსენიებდა ზურაბიშვილს, როცა ის იყო საპრეზიდენტო კანდიდატი. ერთი სიტყვა შემიძლია გავიხსენო. მეორეს არ გავიხსენებ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე . უწოდებდა მას რეზიდენტს, თუ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს გვარამიას, გამოდის რომ ეთანხმება მის შეფასებას.
მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება. როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარკვეული წითელი ხაზები აქვს, რაც ძალიან კარგია და იმედია, რომ ეს წითელი ხაზები არ გადაიკვეთება” ამბობს კობახიძე.