კობახიძე – გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა, რომლის მიზანიც არის მშვიდობის შენარჩუნება და სტრატეგიული პოლიტიკური ინტერესების დაცვა

ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა. ამ პოლიტიკის მიზანია მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი სტრატეგიული პოლიტიკური ინტერესების დაცვა. ეკონომიკური კუთხით გვაქვს კონკრეტული ამოცანები და პრიორიტეტები. ამ ყველაფერს უკავშირდებოდა ის საუბარი, რომელიც შედგა ჩემსა და გიორგი ქაჯაიას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, რა დავალებები მისცა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ახლად დანიშნულ გიორგი ქაჯაიას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არის კონკრეტული ამოცანები, რომელიც უკავშირდება ეკონომიკურ ურთიერთობებს და ამას ეხება ის მითითებები, რომლებიც შეიძლება, ყოფილიყო მიცემული.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აქვე მადლობა გადაუხადა ზურაბ აბაშიძეს თანამდებობაზე ყოფნისას გაწეული სამუშაოსთვის და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება აბაშიძეს იქამდე ჰქონდა მიღებული, ვიდრე თავად დაინიშნებოდა პრემიერ-მინისტრად.

„ზურაბ აბაშიძე 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა იმ მიმართულებას, რასაც ჰქვია რუსეთთან ურთიერთობები. მე მას მადლობა გადავუხადე საჯაროდაც და პირადადაც. მათ თავად მიიღო 12 წლის თავზე ეს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მას მიღებული ჰქონდა იქამდე, ვიდრე მე დავინიშნებოდი პრემიერ-მინისტრად. შესაბამისად, ჩემს დანიშვნასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას. მე მას გადავუხადე მადლობა და კიდევ ერთხელ საჯაროდ ვუხდი მადლობას იმ 12-წლიანი საქმიანობისთვის, რომელიც განახორციელა.

რაც შეეხება ამოცანებს, ამოცანები რჩება იგივე. თქვენ იცით, როგორია ურთიერთობების რეჟიმი, ამ რეჟიმის ფარგლებში ჩვენ გვინდა, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება, რისი მიზანიც არის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და გვაქვს კონკრეტული ამოცანები, რომელიც უკავშირდება ეკონომიკურ ურთიერთობებს. ამას ეხება ის მითითებები, რომლებიც შეიძლება, ყოფილიყო მიცემული“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – სააკაშვილთან დაკავშირებით ორი წელი ვუყურებდით ყალბ კამპანიას, რომ იყო მომაკვდავ მდგომარეობაში, ამ ფონზე, არასწორი, გაუგებარია მოწოდებები, რომ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ
შემდეგი სტატიაკობახიძე – არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრუეს ამერიკის სახელმწიფოს შარშან, შარშანწინ, შეიძლება ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი