კობახიძე: გვაქვს პოლიტიკური ნება, რომ არსებითად შევამციროთ საარჩევნო ბარიერი

გვაქვს პოლიტიკური ნება, რომ არსებითად შევამციროთ საარჩევნო ბარიერი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი მეორე მოსმენაზე თითოეულ მუხლს ჩაუღრმავდება და განისაზღვრება, თუ როგორი ბარიერია ყველაზე მეტად მიზანშეწონილი ქვეყნისთვის შემდეგი ერთი თუ ორი არჩევნებისთვის.

„ნებისმიერი კანონპროექტი პარლამენტში განიხილება სამი მოსმენით. პირველი მოსმენის დროს განიხილება ზოგადი პრინციპები. ჩვენ სწორედ ასეთი სახით განვიხილეთ და დავამტკიცეთ პირველი მოსმენით ეს კანონპროექტი. მეორე მოსმენის დროს უკვე წარმოებს მუხლობრივი განხილვა. ასეთ დროს პარლამენტი თითოეულ მუხლს უნდა ჩაუღრმავდეს და უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არის ყველაზე მიზანშეწონილი ჩვენი ქვეყნისთვის. ზუსტად ასეთი ჩაღრმავებული განხილვა გვექნება მეორე მოსმენის დროს, რასაც ჩვენ გვავალდებულებს მოქმედი კონსტიტუციის პროცედურა. ზუსტად ასეთი ჩაღრმავებული დისკუსიის საფუძველზე განისაზღვრება, თუ როგორი ბარიერია ყველაზე მეტად მიზანშეწონილი ჩვენი ქვეყნისთვის შემდეგი ერთი თუ ორი არჩევნებისთვის.

ჩვენი პრინციპული პოლიტიკური ნება დავაფიქსირეთ იმასთან დაკავშირებით რომ, ვემხრობით ბარიერის მნიშვნელოვნად შემცირებას. შეგახსენებთ, გვაქვს ერთი ანულირებული შეთანხმება და გარდა ამისა, არაანულირებული შეთანხმება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ მოქალაქეებთან, რომელიც ითვალისწინებს შემდეგი არჩევნებისთვის, 2024 წლისთვის 3%-იანი ბარიერის ამოქმედებას. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება, რომ არსებითად შევამციროთ ბარიერი, დანარჩენი დამოკიდებულია მეორე მოსმენაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 7 სექტემბერს პირველი მოსმენით მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბარიერი ხუთიდან ორ პროცენტამდე მცირდება. იცვლება ფრაქციების დაკომპლექტების წესი და მას შვიდის ნაცვლად, ოთხი დეპუტატი შექმნის.

პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კონსტიტუციური პროექტიდან ამოღებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს სამი ეტაპის შედეგად გენერალური პროკურორი. ძალაში დარჩება მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებითაც, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ირჩევს ექვსი წლის ვადით, 76 დეპუტატის მიერ.

ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ნიკა მელია ამნისტრიაზე თუ უარს იტყვის, მის მიმართ ამოქმედდება შესაბამისი კანონი
შემდეგი სტატიაგიორგი ხარჩილავა: წალენჯიხაში ოპოზიცია ერთიანი ფრონტით გამოვა (ვიდეო)