კობახიძე – გუშინ შეკრებაზე გამოვიდა საზოგადოება, რომელსაც უნდა ევროპა, ევროპა უნდა ბევრად მეტს, ვიდრე გუშინ იყო გამოსული, ბევრი იყო გამოსული, თუმცა საქართველოს 85 პროცენტი უჭერს მხარს ევროპას

გუშინ შეკრებაზე გამოვიდა საზოგადოება, რომელსაც უნდა ევროპა, ევროპა უნდა ბევრად მეტს, ვიდრე გუშინ იყო გამოსული, ბევრი იყო გამოსული, თუმცა საქართველოს 85 პროცენტი უჭერს მხარს ევროპას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ვისი ორგანიზებული იყო აქცია, აქ დაისვა კითხვა. რა თქმა უნდა, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ და „სირცხვილიას“, მისი ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებული და ეს იყო, დამატებით მოგახსენებთ, ბაკურიანის გეგმის შემადგენელი ნაწილი. ეს გეგმა დაისახა ბაკურიანში და დაიწყეს მისი აღსრულება, თუმცა ეს გეგმა წარუმატებლობისთვის არის განწირული. ძალიან მარტივი გათვლა ჰქონდათ ბაკურიანის შეკრების მონაწილეებს, მათ ჰქონდათ რატომღაც, საზოგადოება ამით უნდა დაინტერესდეს, რატომღაც მოლოდინი, რომ აუცილებლად ორ ქვეყანას მიენიჭებოდა კანდიდატურის სტატუსი და საქართველოს არა, ეს საიდანღაც წინასწარ იცოდნენ, ამას უნდა მოჰყოლოდა აქციები, არეულობა და ამ გეგმის ბოლო წერტილი არის ომი. ეს გეგმა ძალაშია, თუმცა ჩვენ არავის მივცემთ ამ გეგმის აღსრულების საშუალებას.

რაც შეეხება შეკრების მონაწილეებს, გუშინ ამ შეკრებაზე გამოვიდა საზოგადოება, რომელსაც უნდა ევროპა და როგორც მოგეხსენებათ, ევროპა უნდა ბევრად მეტს, თუნდაც ვიდრე გუშინ იყო გამოსული. გუშინ ბევრი ადამიანი იყო გამოსული რუსთაველზე, თუმცა არის სამი მილიონი ადამიანი და მეტი საქართველოში დამატებით, რომელიც მხარს უჭერს ევროპას და ეს არის საქართველოს 85%. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ეს მიზანი ევროინტეგრაცია, პირდაპირ არის დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ გვიტრიალებენ გასული კვირების განმავლობაში იმ მუხლს, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ ჩვენი ხელით კონსტიტუციაში და რომელსაც ხმა არ მისცეს ამ ადამიანებმა, ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ცინიზმი აქედან ჩანს და ვინ არის ევროპის მომხრე და ვინ არა, აქედან ჩანს რეალურად. გუშინ დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა, ისინი არ აჟღერებდნენ პოლიტიკურ გზავნილებს იმისათვის, რომ ხალხი არ დაშლილიყო, თუმცა ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა, გეგმა, რომელიც ითვალისწინებს შულავერის კომიტეტის გამომზეურებას და რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის წალეკვას, ეს იყო ტერმინი, რომელიც გუშინ გამოიყენა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა. მე პირდაპირ გეტყვით, რომ სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს, ქვეყნის წალეკვის მორიგი მცდელობაც იქნება წარუმატებლად დასრულებული. საქართველოში იქნება მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, რის გარეშეც ჩვენ ევროპაში ვერ შევალთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი კატარში ვიზიტის ფარგლებში კატარის პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიაწულუკიანი – ჩვენმა ქვეყანამ ევროპულ გზაზე წარმატებული სიარული რომ გააგრძელოს, ალბათ აუცილებელია, ოპოზიცია დასერიოზულდეს