კობახიძე – გუშინ არ იყო მხოლოდ პარტიული პროტესტი, ეს იყო რუსულ-ნაცმოძრაობის პროტესტი

პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც საქართველოში აკეთებენ რუსულ საქმეს და შემჩნეული არიან რუსეთთან ღია თუ ფარულ კავშირებში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „გუშინ არ იყო მხოლოდ პარტიული პროტესტი, ეს იყო რუსულ-ნაცმოძრაობის პროტესტი“.

„პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც აკეთებენ საქართველოში რუსულ საქმეს და რომლებიც შემჩნეული არიან ღია თუ ფარულ კავშირებში რუსეთის ფედერაციასთან. ეს იყო მაგალითად, რომ გავყვეთ სახელებსა და გვარებს, ნინო ბურჯანაძე, რომელიც აპროტესტებდა პოზნერის ვიზიტს საქართველოში მთელი თავისი ოჯახით, ირაკლი ოქრუაშვილი, შალვა ნათელაშვილი და ასე შემდეგ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სხედან „ნაცმოძრაობის“ ოფისში, რომლებსაც გაკეთებული აქვთ ბევრად უფრო მძიმე განცხადებები, ვიდრე იყო პოზნერის განცხადება, რასაც აფრიალებდა გუშინ რუსული საქმის მკეთებელი ადამიანების კასტა. შესაბამისად, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ეს ადამიანები აკეთებენ რუსულ საქმეს, ისინი „აპროტესტებდნენ“ გუშინ მათ შორის რუსეთის მოქალაქის ვიზიტს საქართველოში. გუშინ არ იყო მხოლოდ პარტიული პროტესტი. იყვნენ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც იმავდროულად არიან რუსეთის საქმის მკეთებლები და დაკავშირებული პირდაპირ რუსეთთან. ეს არ იყო მხოლოდ პარტიული პროტესტი. ეს იყო რუსულ-ნაცმოძრაობის პროტესტი.

რაც შეეხება კოვიდრეგულაციებს, აქ ბუნებრივია, პოზიცია არის ცალსახა. ეს პოზიცია იყო გამოხატული სახელმწიფოს ოფიციალურ რეაქციაში. ცალსახად დარღვეული იყო კოვიდრეგულაციები და ამასთან დაკავშირებით ამოქმედდა შესაბამისი სანქციები როგორც სასტუმროს მიმართ, ასევე სტუმრების მიმართ. კოვიდრეგულაციების დარღვევა, ბუნებრივია, არ შეიძლება, დარჩეს უპასუხოდ, სახელმწიფოს მხრიდან იყო მყისიერი პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია დაამტკიცა
შემდეგი სტატიასოფელ დიდ ჭყონში ნიკოლოზ დგებუაძის ორსართულიანი სახლი დაიწვა