გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, „ტვ პირველის“ კონკრეტულ ე.წ. ჟურნალისტებს, სხვა ე.წ. ჟურნალისტებს, იყო გარკვეული წრე შეკრული იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ პროცესების პიარულ შეფუთვას ახორციელებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.
“4 წელიწადში იყო დამხობის, რევოლუციის 5 სხვადასხვა მცდელობა. ეს ყველაფერი იყო გარედან მხარდაჭერილი, შიგნით იყო ორგანიზებული და შედგა კონკრეტული დანაშაულებრივი აქტები, რამდენიმე ათეული ადამიანი აღმოჩნდა გისოსებს მიღმა ამ დანაშაულებრივი ქმედებების გამო. ჩვენ ყველას ვაფრთხილებდით წინასწარ, თუ ვინმეს წაუცდებოდა ხელი, კანონი ამოქმედდებოდა მათ მიმართ სრული სიმკაცრით. არ დაგვიჯერეს და საბოლოოდ მიიღეს კონკრეტული პასუხი. როგორც ჩანს, არ ირწმუნეს ჩვენი. ჩვენ ვამბობდით, რომ სახელმწიფო იყო უფრო ძლიერი ვიდრე მანამდე. გახსოვთ, რომ იყო რევოლუციის მცდელობა 2023 წელს, მაშინ მხოლოდ ერთი ადამიანი იყო დაკავებული, მიუხედავად ძალიან მასშტაბური ძალადობისა. მერე იყო კიდევ ერთი მცდელობა ერთ წელიწადში, 2024 წლის გაზაფხულზე, იქ იყო მხოლოდ 6 ადამიანი დაკავებული, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი, ასეულობით ადამიანი იყო ჩართული ძალადობრივ დანაშაულებრივ აქტში და აქ გაჩნდა ცდუნება – როდესაც შენ 1 ან 6 ადამიანს აკავებ, ადამიანებში ჩნდება განცდა, რომ შეიძლება ასეთი დანაშაული გაიმეორო და ძალიან მაღალი ალბათობით არავითარი სანქცია არ დადგება შენს წინააღმდეგ. ჩვენ წინასწარ გავაფრთხილეთ ადამიანები 2024 წლის ბოლოს, 2025 წელს, რომ მათი დანაშაულებრივი ქმედებები აღარ დარჩებოდა დაუსჯელი, არ დაგვიჯერეს და მიიღეს კონკრეტული სანქცია.
იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მაგალითი, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელმაც შეიძლება ჩაიფიქროს სამომავლოდ დანაშაული და ეს სამომავლოდ მათთვისაა კარგი, ასეთი პრევენციული ეფექტი საბოლო ჯამში მათ შეაკავებინებს თავს შესაბამისი დანაშაულის ჩადენისგან, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა კობახიძემ.


















