კობახიძე განათლების სისტემაში რეპრესიებს აანონსებს

ერთ-ერთი მთავარი სისტემა, რაც მოირგეს პოლიტიკურად საკუთარ თავზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ესეც გარე დავალება იყო, იყო სწორედ განათლების სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არსებული ხელისუფლების პირობებშიც ვერ გაკეთდა საკმარისი და ამას ობიექტური მიზეზები აქვს, თუმცა ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რაც საარჩევნოდ საზოგადოებისთვის იქნება შეთავაზებული, სწორედ განათლების ფუნდამენტური რეფორმა იქნება.

„ანგრევდნენ სახელმძღვანელოებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, საშინელი პოლიტიკა ჰქონდათ პედაგოგების კუთხით და ა.შ. ხელოვნურად ანგრევდნენ ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში მყარი სისტემა ჩამოაყალიბეს, რომლის მარტივად გადალაგება არ იყო შესაძლებელი. კიდევ უფრო მძიმე პრობლემები შექმნეს მათ უმაღლესი განათლების სისტემაში. მაგალითად რომ ავიღოთ წამყვანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მეც ვასწავლი, როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, საერთო სურათი გვაქვს უმძიმესი. ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ პროფესორების დიდი ნაწილი მთლიანად პოლიტიკური ნიშნით არის შერჩეული. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მიკერძოება, გასაგებია ვის მხარეს და არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია – შეიძლება, პოლიტიკური მიკერძოება ნებისმიერ პროფესორს ჰქონდეს, მაგრამ როცა არც კვალიფიკაცია გაქვს, თან პოლიტიკურად მიკერძოებული ხარ, აქ ჩანს, სინამდვილეში როგორ ფორმირდებოდა პროფესურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს ეხება პროფესურის ძალიან დიდ ნაწილს. შესაბამისად, ეს არის ჩაკეტილი წრე, ამის გამო მთლიანად სისტემა არის მოშლილი. ამის გამო, არც სახელმძღვანელოები ვითარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არც მეცნიერება და არც არაფერი, არის მძიმე, ჩაკეტილი წრე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მოხდება ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია
შემდეგი სტატიაბლინკენი კანონზე: პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი