კობახიძე – გახარია პარლამენტში საუბრობდა, რომ ქვეყანაში არ იყო კორუფცია, დღეს საუბრობს კორუფციაზე, ჰკითხეთ, როდის ტყუოდა

რამდენიმე თვის წინ, გიორგი გახარია პარლამენტის წევრებს ეუბნებოდა, რომ საქართველოში არ იყო არავითარი კორუფცია. დღეს საუბრობს კორუფციაზე, როგორც მნიშვნელოვან პრობლემაზე. ჰკითხეთ, როდის ტყუოდა, საპარლამენტო ტრიბუნასთან, თუ როცა აკეთებდა ამ განცხადებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. კობახიძის თქმით, „მმართველ გუნდს აქვს ეჭვები, მაგრამ მნიშვნელოვანია, პასუხი თავად გახარიასგან მოისმინონ“.

„თქვენ ხედავთ, ვინ აპიარებს გიორგი გახარიას. ძირითადად, ორი ტელევიზია „ტვ პირველი“ და „ფორმულა“. აქ ყველაფერი ნათელია და ყველაფერი ნათლად იკითხება, ვისთან არის დაკავშირებული გიორგი გახარია. ეს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს იმ ეჭვებს, რაც დაკავშირებულია 17-18 თებერვალთან. რატომ ითამაშა მან სააკაშვილის თამაში, პირველ რიგში, მას მოუწევს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. 17-18 თებერვლის მოვლენები სააკაშვილის თამაშში შესვლა და შემდეგ უკვე მისი გაპიარება „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ მხრიდან, ეს ყველაფერი ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს. ამ კითხვებზე მას მოუწევს, ბუნებრივია, პასუხების გაცემა.

მან უნდა გასცეს ასევე პასუხი კითხვას, რატომ არწმუნებდა საპარლამენტო უმრავლესობას, რომ აუცილებლად უნდა მოხსნილიყო იმუნიტეტი. ყველას არწმუნებდა და იმ ექვსმა დეპუტატმა, რომელიც დღეს საუბრობს სხვა რაღაცებს, ხმა მისცა და მხარი დაუჭირა იმუნიტეტის მოხსნას. რატომ იყო აქტიური იმუნიტეტის მოხსნის ნაწილში და შემდეგ რატომ ითხოვდა მის არდაკავებას, ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. პასუხი ვერ ექნება იმიტომ, რომ არის ლოგიკური წინააღმდეგობა მის ქმედებებს შორის იმუნიტეტის მოხსნის დროს და შემდეგ 17-18 თებერვალს. რა იყო ამ წინააღმდეგობის მიზეზი, პასუხი უნდა გაეცეს. გვაქვს ჩვენი ეჭვები, მაგრამ მნიშვნელოვანია, მისგან მოვისმინოთ პასუხი“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, 17-18 თებერვალს გიორგი გახარიამ მიხეილ სააკაშვილის თამაში ითამაშა.

„ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 17-18 თებერვალს გახარიამ ითამაშა პირდაპირ სააკაშვილის თამაში. გააკეთა ეს ნებსით, თუ უნებლიეთ. ნებსით, თუ უნებლიეთ ხდება „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ მიერ მისი გაპიარება თუ ა.შ, ამ კითხვებზე მან უნდა გასცეს პასუხი. აქტუალურიც არ არის მაინცდამიანც ეს თემა, განსაკუთრებით პრეზენტაციის შემდეგ.

წიქარიშვილს, უგულავას წამოსცდათ, თუ რა არის გახარიას დავალება, თუ ამოცანა. ეს არის ის, რომ რამენაირად დაგვაახლოონ ჩვენს 43% ნიშნულს. ვერ მიაღწევენ, ამის რესურსი არ აქვს არავის. არც გახარიას, არც „ნაცმოძრაობას“, არც ყველას ერთად. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენს დასახულ მიზანს ამ არჩევნებში მივაღწევთ ზუსტად ისევე, როგორც მივაღწიეთ.

რამდენიმე თვის წინ, ის პარლამენტის წევრებს ეუბნებოდა, რომ საქართველოში არ იყო არავითარი კორუფცია. დღეს ის საუბრობს კორუფციაზე, როგორც მნიშვნელოვან პრობლემაზე. ჰკითხეთ მას, როდის ტყუოდა, საპარლამენტო ტრიბუნასთან, თუ როცა აკეთებდა ამ განცხადებას. ეს არის, რა თქმა უნდა, თავდასხმა. ან მაშინ იტყუებოდა, ან ახლა იტყუება. მას დაუსვით ეს კითხვა, როდის იტყუებოდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი – პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციური დოღია გამართული
შემდეგი სტატიაკალაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომლის სურვილია ქვეყანაში არეულობა