კობახიძე – ევროპარლამენტარმა გალერმა თქვა, ივანიშვილი თუ პატრიოტია, ქვეყნიდან წავიდოდაო, ამ ადამიანებისთვის პატრიოტი უნდა წავიდეს და ქვეყანა უსამშობლოებს ჩაბარდეთ

თანხებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა გადარიცხვები შეჩერებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილის მიმართ ფაქტობრივად სანქციები მოქმედებს. თავის მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კაცისგან რაღაც უნდათ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიცია პირდაპირ ითხოვს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს, ამას ემატება ისიც, რომ სადღაც სანქციები მოქმედებს.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ იცის, რისთვის შეიძლება, სჭირდებოდეთ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის არსებული მდგომარეობა.

„ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილის მიმართ დეფაქტო სანქციები უკვე მოქმედებს – მას აქვს შეჩერებული გადარიცხვები. თანხებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ეს გადარიცხვები შეჩერებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად სანქციები მოქმედებს. თავის მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კაცისგან რაღაც უნდათ, რა არის ეს, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. რა უნდათ, არ ვიცი. გაუგებარია, კონკრეტული რაღაცების გარდა, რა უნდა უნდოდეთ, მაგრამ ამის განხილვაში ვერ შევალ. გამოდის, რომ ამ კაცისგან რაღაც უნდათ და ამიტომაც უნდათ, მისი პოლიტიკაში დაბრუნებაც. ანუ, ოპოზიცია პირდაპირ ითხოვს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს. ამას ისიც ემატება, რომ სადღაც სანქციები მოქმედებს. რისთვის შეიძლება სჭირდებოდეთ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის არსებული მდგომარეობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, „პირდაპირ ჩანს, რომ ვიღაცებისთვის ბიძინა ივანიშვილის არსებობა არის პრობლემა და ყველა თავის უბედურებას მასში ხედავს“.

„რაღაც სინდრომია და ალბათ, შეიძლება, ფსიქიატრებმა ამას დიაგნოზი მოუძებნონ. აშკარაა, რომ არის ფსიქოლოგიური, თუ ფსიქიკური სინდრომი, რასთანაც გვაქვს საქმე. ანუ, ეს ადამიანები თავიანთი უბედურების ყველა სათავეს ხედავენ ამ კაცში. როგორც ჩანს, ეს სინდრომი 2012 წლიდან გამოყვათ. ქვეყანაში რომ არის მშვიდობა, როგორც ჩანს, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ არის სიმშვიდე და ვერ არიეს ქვეყანა, როგორც ჩანს, ამასაც ივანიშვილს აბრალებენ. რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს და ა.შ. ეტყობა, ეს არის მათი ქვეცნობიერი, თუ ცნობიერი პრობლემა, ფსიქოლოგიური პრობლემა, ეს არის მათი რიტორიკის შემადგენელი ნაწილი. მათთვის მისი არსებობა პრობლემაა და სხვათაშორის, ეს ერთ-ერთ ევროპარლამენტარს, გალერსაც წამოცდა, რომელმაც თქვა, რომ თუ ივანიშვილი პატრიოტია, ქვეყნიდან წავიდოდაო. ნახეთ, როგორ ესმით პატრიოტიზმი? – პატრიოტი არის კაცი, რომელიც ქვეყანას ტოვებს. არც ნოსტალგია გაუგიათ, არც რაიმე მსგავსი ფენომენი. აქედან ჩანს მათი დამოკიდებულება. ამ ადამიანებისთვის პატრიოტი ადამიანი ქვეყნიდან უნდა წავიდეს და ქვეყანა უსამშობლო ადამიანებს ჩაბარდეთ. იმ აქციებზე სცენაზე ვინც იდგა, ყველა იყო აბსოლუტურად უსამშობლო და უღმერთო იმ გაგებით, რომ არანაირი რწმენა არ აქვთ. ეს მათი უფლებაა, მაგრამ რეალურად, ასეთი ადამიანები იდგნენ სცენაზე. მათი დამოკიდებულებაა, რომ თუ ადამიანი პატრიოტია, ქვეყნიდან უნდა გავიდეს, უსამშობლო ადამიანები კი, არა მარტო სცენაზე უნდა იდგნენ, არამედ მართვის სადავეები უნდა აიღონ.

რისთვის უნდათ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება? პასუხისმგებლობა რაზე აიღოს, ორნიშნა ეკონიმიკურ ზრდაზე? დღეს, პოლიტიკაში არ არის ჩართული. სად არის ფაქტი? ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის 90 პროცენტი არის ობამას ადმინისტრაციის გაგრძელება, ამიტომ ობამა ამერიკის არაფორმალური მმართველია? უფრო მეტიც, ღია წყაროებით შეგიძლიათ, ინფორმაცია ნახოთ, რომ ობამა პირდაპირ არის ჩარეული პოლიტიკური რჩევების მიცემის კუთხით ბაიდენის საკადრო პოლიტიკაში, ეს არის ჩვეულებრივი ნორმა. ახლა ობამას არანაირი სტატუსი არ აქვს, ის ბაიდენს საკადრო პოლიტიკის ნაწილში რჩევებს აძლევს, ეს საჯაროდ ცნობილია. არავის უთქვამს, რომ ობამა არის არაფორმალური მმართველი. თეორიულად ერთადერთი, რაც შეიძლება, ვიღაცამ იკითხოს, არის ის, ბიძინა ივანიშვილი ხომ არ გვაძლევს რჩევებს. რჩევებს არ გვაძლევს, მაგრამ რომც გვაძლევდეს, ეს იქნებოდა ჩვეულებრივი ნორმა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებას
შემდეგი სტატიავაშაძე – მესმის, რომ გარკვეული იმედგაცრუებაა ადამიანებში, ვინც 3 ივლისის აქციაზე იყო, იმედს ნუ გაიტეხთ, ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად, ინტენსიურად ვმუშაობთ სამოქმედო გეგმაზე