კობახიძე: ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ჩვენი დღის წესრიგია

ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ჩვენი დღის წესრიგი და კონსტიტუციური ამოცანაა, ჩვენ გვაქვს მკაფიო პრიორიტეტები საგარეო პოლიტიკის კუთხით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანას ევროატლანტიკური მიმართულებით პროგრესი ჰქონდეს.

„საქართველო მუდმივად ახორციელებს რეფორმებს ყველა მიმართულებით და თქვენ ხედავთ, რამხელაა პროგრესი 2012 წლიდან 2021 წლის ჩათვლით ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, სწორი მიმართულებით სვლა და რეფორმების გატარება გაგრძელდება, ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ ძალიან მკაფიო ხედვა და პოლიტიკა გვაქვს. 2012 წლის შემდეგ მათ შორის უსაფრთხოების კუთხითაც გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი. გახსოვთ, რამდენად მოწყვლადი იყო ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებით 2008-2012 წლებში, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. ამის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარება რადიკალურად გაუმჯობესებულია. რა თქმა უნდა, სერიოზული რისკები რჩება, მით უმეტეს იმ ფონზე, რასაც ჩვენ ვხედავთ, მათ შორის უკრაინასთან მიმართებით, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად. ამ მიმართულებით ძალისხმევა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნატო-სთან დაკავშირებით საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი აქვს.

„ყველამ კარგად ვიცით ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია ჩვენი დღის წესრიგი და კონსტიტუციური ამოცანაა, რომელიც ხელისუფლებას აქვს. ეს ამოცანა ქართველი ხალხის მერ გამოხატულ ნებას ეფუძნება. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკა დარჩება ისეთი, როგორიც არის. ჩვენ გვაქვს მკაფიო პრიორიტეტები საგარეო პოლიტიკის კუთხით და ამ პრიორიტეტების ფარგლებში ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დავიცვათ და წინ წავწიოთ ქვეყანა ყველა იმ მიმართულებით, რაც დაკავშირებული მათ შორის დასავლურ ინტეგრაციასთან“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისაძაგლიშვილი: სასაცილოა ფაქტი, რაზეც გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაელისაშვილი: სამართლებრივის გარდა, სააკაშვილის გათავისუფლების სხვა გზას ვერ ვხედავ