კობახიძე: ეს იყო აგრესია და ძალადობის ფაქტები

ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, ყველამ დაინახა, რომ მოხდა ის, რასაც ველოდით, ეს იყო აგრესია და ძალადობის ფაქტები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ძალადობას არ აქვს არც გამართლება, არც არაფერი. ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს მოხდა. ძალიან მარტივად არის აქ ყველაფერი. ხელისუფლების ვალდებულებაა, ყველა გააფრთხილოს, თუ რა შეიძლება, მოჰყვეს მის მიერ დაგეგმილ კონკრეტულ ნაბიჯებს. ეს იყო ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. სწორედ ამის გამო ვაფრთხილებდით ჩვენ აქციის ორგანიზატორებს, სწორედ ამის გამო აფრთხილებდა პრემიერ-მინისტრი დღეს დილით აქციის ორგანიზატორებს. ყველამ დაინახა, რომ მოხდა ის, რასაც ველოდით. ეს იყო აგრესია, ძალადობის ფაქტები, რისკები იყო და ბუნებრივია, ვითარების მართვა იყო ძალიან რთული კონტრაქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით.

აქციის მონაწილეთა რაოდენობა იყო ძალიან დიდი და ეს იყო მოსალოდნელი. სწორედ ამის გამო კეთდებოდა გაფრთხილებები და ობიექტური მიზეზების გამო, რა თქმა უნდა, გაჭირდა ყველა ძალადობრივ ფაქტზე რეაგირება. ეს იყო ძალიან რთული. რამდენი პოლიციელი უნდა გამოსულიყო, რომ 10 ათასი კაცი ემართა. გახსოვთ, ათასი კაცი უტევდა პარლამენტის შენობას, იქაც კი ჭირდა რეაგირება. ბუნებრივია, მასაზე როდესაც არის საუბარი, იქ რთულია რეაგირება. მით უმეტეს, ასეთ დროს, როდესაც არის ხალხის ძალიან დიდი რაოდენობა. შესაბამისად, ობიექტური სირთულე ჰქონდა შსს-ს. როდესაც საქმე გვაქვს ადამიანების მასასთან, აქ არსებობს ობიექტური სირთულეები და ზოგ შემთხვევაში, არის ის, რომ ადამიანების შედარებით მცირე ჯგუფი განარიდო შედარებით დიდ ჯგუფს, რათა არ მოხდეს ინციდენტები. გამომდინარე იქიდან, რომ იქ იყო აგრესიის რისკი, არა მარტო რისკი, ფაქტები იყო, აქედან გამომდინარე, საჭირო იყო დაშორიშორება. ყველაზე მძიმე, რაც დღეს ვიხილეთ, ეს იყო აგრესია ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამას სჭირდებოდა პრევენცია და დაშორიშორება მოხდა სწორედ ამ მიზეზით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: გაუმართლებელია როგორც ადამიანებზე ძალადობა, ასევე ეკლესიის მტრობა
შემდეგი სტატიაგვარამია: მივმართავ ყველა ტელევიზიას: ერთად მოვიფიქროთ რაიმე