კობახიძე: ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ მაგალითად, დარჩნენ ქუჩაში

ოპოზიციასთან გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, რატომ ეწინააღმდეგება „გერმანული მოდელი“ კონსტიტუციას და მზად ვართ, კოლეგები ამაში დავარწმუნოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა შეხვედრის დაწყების წინ, რომელიც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების თანდასწრებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობს.

კობახიძის თქმით, როდესაც საუბრობს „გერმანულ მოდელზე“, გულისხმობს იმ ვარიანტს, რომელიც არის წარმოდგენილი ოპოზიციის მხრიდან.

„გვექნება განხილვა იმ პროცესების, რომელიც საქართველოში წარიმართება. გვექნება საუბარი ოპოზიციის კონკრეტულ შემოთავაზებებზე, რომელიც არის თავსებადი კონსტიტუციასთან, არის ზოგადად, რაციონალური ყველა თვალსაზრისით. შეგვიძლია, განვიხილოთ. შევხედოთ, კონსტიტუციასთან თავსებადობა-რაციონალურობა იქნება კრიტერიუმი ამ შემთხვევაში.

არის შემოთავაზებული „გერმანული მოდელი“ რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ძალიან ცხადი და მკაფიო პოზიცია, სამართლებრივი პოზიცია პირველ რიგში. მზად ვართ, რომ ამაზე ვისაუბროთ, ოპოზიციის წარმომადგენლებთან გვაქვს ძალიან მკაფიო და მყარი არგუმენტები, თუ რატომ ეწინააღმდეგება „გერმანული მოდელი“ საქართველოს კონსტიტუციას და მზად ვართ დავარწმუნოთ კოლეგები ამაში.

როცა ვამბობთ „გერმანულ მოდელს“, ვგულისხმობთ იმ ვარიანტს, რომელიც არის წარმოდგენილი ოპოზიციის მხრიდან. სწორედ ეს ვარიანტი, ისევე როგორც კლასიკური ვარიანტი, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მარტივი არგუმენტი არსებობს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრის დანიშვნით ანგარიში გაუწიეს საერთაშორისო პარტნიორებს.

„ჩვენ განვაცხადეთ გუშინაც, რომ ანგარიშს ვუწევთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც გამოთქვეს ინტერესი, რომ შემდგარიყო შეხვედრა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის, კონკრეტულ შემოთავაზებებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მზად ვართ, განვიხილოთ ეს ყველაფერი.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია. რაც შეეხება „გერმანულ მოდელს“, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა დღევანდელ შეხვედრაზე, აქ კიდევ ერთხელ წარვუდგენთ ჩვენს სამართლებრივ არგუმენტებს“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ხელისუფლების შეთავაზებას, კობახიძე ამბობს, რომ არაფრის შეთავაზების ინტერესი არ აქვთ.

„ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ მაგალითად, დარჩნენ ქუჩაში. პოლიტიკურად ჩვენს ეს უფრო მეტად გვაწყობს, თუ ისინი ქუჩაში დარჩებიან, რადგან ისინი განიცდიან ყოველდღიურ რეგრესს ამ შემთხვევაში. ამიტომ, შეთავაზება მათ უნდა გააკეთონ, დაველოდებით მათ შემოთავაზებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ძალიან გვიხარია, რომ დიალოგი დაიწყო
შემდეგი სტატიაიდეალური არ არის, მაგრამ გერმანული მოდელის ქართულ ვარიანტს მხარს ვუჭერთ