რუსული მეთოდით ბრძოლა არის, როდესაც გიჭირავს რუსული რუბლები ხელში და ამას ყრი პარლამენტის სხდომათა დარბაზში, როდესაც რუსული რუბლები გიჭირავს ხელში და ამას ყრი თსუ-ს მეორე კორპუსში, ეს არის რუსული მეთოდები, ეს არის ბოლშევიკური მეთოდები, რომლებიც ბოლოს გამოიყენეს საქართველოში გასული საუკუნის 30-იან წლებში, გიგლა ბერბიჭაშვილის მეთოდები უნდათ რომ დაგვიბრუნონ 21-ე საუკუნეში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რაც ნაკლები ახალგაზრდა იქნება ჩართული ასეთ ძალადობრივ აქტებში, მით უკეთესი იქნება ახალგაზრდებისთვის და ქვეყნისთვის.
„დღეს, პარლამენტში იხილეთ ლიბერალური ფაშიზმის მეთოდებით შესრულებული ძალადობის აქტი. უნივერსიტეტში რაც იხილეთ, ესეც იყო ძალადობის აქტი სტუდენტების მხრიდან. ეს იყო ძალადობის აქტი. ასეთი რამ საქართველოში გასული საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა. ეს არის ყველაზე ბოლშევიკური მეთოდი, რაც შეიძლება გამოიყენო, ასეთი რაღაც, როცა საერთოდ სხვა ფაკულტეტიდან მეორე ფაკულტეტზე მიდიხარ და დერეფანში აწყობ პროვოკაციას, სადაც ერთადერთი საქმე – განათლება უნდა კეთდებოდეს, ეს არის მეთოდები, რომელიც გასული საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ არავის არ გამოუყენებია საქართველოში. სხვა ქვეყნებშიც ძალიან იშვიათად იყენებდნენ, ბოლშევიკებიც კი. საქართველოში დღეს ჩვენ ვხედავთ ასეთი ძალადობის აქტებს, ის სამი-ოთხი ახალგაზრდაც გზას აცდენილი არიან. იმედი მაქვს, რომ ეს ახალგაზრდები სწორ გზას დაადგებიან, მაგრამ დღეს ისინი არიან გზას აცდენილი და ისინი გამოიყენეს ბოლშევიკური ძალადობის მეთოდებისთვის, ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განმარტებით, როდესაც ორიენტაციის არევაზეა საუბარი, ამ ახალგაზრდების შემთხვევაში საუბარია იდეოლოგიური ორიენტაციის არევაზე.
„რაც შეეხება ორიენტაციის არევას, არავის პირად ცხოვრებას არ ვეხები, ეს არ არის ჩემი უფლება, არც ვინმეს განსჯა არ არის, არც ვინმეს განკითხვა. ყველას აქვს თავისი ცხოვრება. როდესაც საუბარია ორიენტაციაზე, აქ ჩემთვის საინტერესოა, პირველ რიგში, ორი კატეგორიის ორიენტაცია – ეს არის პოლიტიკური ორიენტაცია, რაც ამ ახალგაზრდებს აქვთ მძიმედ არეული და ეს არის იდეოლოგიური ორიენტაცია, რაც ასევე ამ ახალგაზრდებს აქვთ მძიმედ არეული. შესაბამისად, ამაზე ყურადღების გამახვილება მიმაჩნია ჩემს პასუხისმგებლობად. მათ აქვთ საერთოდ არასწორი იდეოლოგიური ორიენტაცია, რაც არის ძალიან არასწორი, ისინი არიან იდეოლოგიური გავლენის ქვეშ და ამ გავლენისგან ისინი უნდა გათავისუფლდნენ.
არ შეიძლება, ადამიანების პრობლემების გამოყენება პოლიტიკური ძალადობისთვის და პოლიტიკური აქტივობებისთვის, არ შეიძლება, როცა ახალგაზრდას აქვს თავისი რაღაც ამბები და ამის გამო ცდილობ, ის ჩართო ძალადობრივ პოლიტიკურ ქმედებებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, როდესაც ადამიანს პოლიტიკური და იდეოლოგიური ორიენტაცია არეული აქვს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ისინი სწორი მიმართულებით მოექცნენ.
„როდესაც ადამიანს აქვს პოლიტიკური და იდეოლოგიური ორიენტაცია არეული ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ისინი მოვაქციოთ სწორი მიმართულებით და მათ ჰქონდეთ სწორი პოლიტიკური. არ შეიძლება, ნაცი იდგეს სწორ გზაზე, უკვე არასწორ გზაზე დგომას ნიშნავს ეს ყველაფერი, როცა ხარ ნაცი, გირჩელი და ა.შ ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ადამიანს სჭირდება დახმარება. რუსული მეთოდით ბრძოლა არის, როდესაც გიჭირავს რუსული რუბლები ხელში და ამას ყრი პარლამენტის სხდომათა დარბაზში, როდესაც რუსული რუბლები გიჭირავს ხელში და ამას ყრი თსუ-ს მეორე კორპუსში, ეს არის რუსული მეთოდები, ეს არის ბოლშევიკური მეთოდები, რომლებიც ბოლოს გამოიყენეს საქართველოში გასული საუკუნის 30-იან წლებში, გიგლა ბერბიჭაშვილის მეთოდები უნდათ რომ დაგვიბრუნონ 21-ე საუკუნეში. თანამედროვე ბოლშევიკებს, ანუ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ეს მეთოდები არ გაუვათ, ეს ყველაფერი არ გაუვათ. რაც ნაკლები ახალგაზრდა იქნება ჩართული და მცირეა რეალურად მათი რაოდენობა ვინც ჰყავთ ჩართული ასეთ ძალადობრივ აქტებში, მით უკეთესი ამ ახალგაზრდებისთვის და რა თქმა უნდა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.