კობახიძე – ბიძინა ივანიშვილი არის ფინანსური შანტაჟის ქვეშ და მასზე მოქმედებს დე ფაქტო სანქციები

ბიძინა ივანიშვილი არის ფინანსური შანტაჟის ქვეშ და მასზე მოქმედებს დე ფაქტო სანქციები, რაც დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ პროცესებთან, რომლებიც ვითარდება ჩვენი ქვეყნის გარშემო და იმ ინტერესთან, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მიმართ არის, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

„ეს არის მანკიერი ინტერესი, რომ საქართველო იქცეს მეორე ფრონტად. რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება სასამართლო პროცესებს, იქ მოსამართლეს აქვს თავისი პასუხისმგებლობა და არის თეთრი ძაფით ნაკერი საქმე. ადამიანს უბრალოდ არ აქვს წვდომა საკუთარ ანგარიშზე, რაც არის წარმოუდგენელი მოვლენა. საქმე ეხება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბანკს, „კრედიტ სუისს“. აქედან გამომდინარე, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რასთან არის დაკავშირებული ის თავხედური ქმედება, რომელსაც ახორციელებს „კრედიტ სუისი“ ბიძინა ივანიშვილის მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რა დასტურდება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კობახიძემ აღნიშნა, რომ „Credit Suisse მოქმედებდა თავხედურად“.

„ელემენტარულად, ყოველგვარი საფუძვლის, დასაბუთების გარეშე შეუზღუდა წვდომა საკუთარ ანგარიშზე ბიძინა ივანიშვილს, მოპარა თანხები ანგარიშიდან და ეს დაწყებულია 2008 წლიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ. ამის შემდეგ იწყება მისი ანგარიშის ძარცვა, 2008 წლიდან. ამას აკეთებს Credit Suisse თავხედურად და ამის აღიარება იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის უკან იდგა და დღემდე დგას პოლიტიკური ინტერესები, ის მანკიერი პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამოქმედებულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიუნდა დავაკვირდეთ, ეს არის ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ – კობახიძე რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე
შემდეგი სტატიაპოდოლიაკი – ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყებას