კობახიძე: “BBC-ის მიერ მომზადებული რეპორტაჟი, მთლიანად თითიდან გამოწოვილ, ყალბ ვარაუდებსა და გამოგონილ ამბებზე იყო აწყობილი“

ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ შსს-ს „კამიტი“ საქართველოში არათუ არასდროს გამოუყენებია, არამედ არც არასდროს შემოუტანია – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის მტკიცებით, შარშან მომიტინგეების დაშლისას შსს-ს არა მხოლოდ „კამიტი“, არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია”.
აღსანიშნავია, რომ კობახიძის ახალ განცხადებაში BBC-ის წინააღმდეგ საჩივარზე საუბარი არ არის.

„ქვეყნის შიგნით ამ კამპანიაში აქტიურად ჩაერთვნენ „ჩვეული ეჭვმიტანილები“, ანუ უცხოური აგენტურა რადიკალური პარტიების, რადიკალური მედიასაშუალებების, რადიკალური „ენჯეოებისა“ და რადიკალი პოლიტიკური აქტივისტების სახით. ბრიტანული მაუწყებლის მიერ მომზადებული რეპორტაჟი, რომელიც მთლიანად თითიდან გამოწოვილ ყალბ ვარაუდებსა და გამოგონილ ამბებზე იყო აწყობილი, იქცა ხელოვნურ საბაბად პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფებისთვის, რათა საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახალი, ჰიბრიდული ომი ეწარმოებინათ და ცრუ ბრალდებებით, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო მასშტაბით, ხელოვნურად აჟიოტაჟი გამოეწვიათ.

ბრიტანული მაუწყებლის მიერ მომზადებული რეპორტაჟი არაერთ, დადასტურებულად ტყუილ ბრალდებას შეიცავდა, რომელთაგანაც ყველაზე მგრძნობიარე ბრალდება აკრძალული ქიმიური ნივთიერება – „კამიტის“ თითქოსდა გამოყენებას უკავშირდებოდა. ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ნივთიერება საქართველოში არათუ არასდროს გამოუყენებია, არამედ არც არასდროს შემოუტანია. გარდა ამისა, გამოძიებამ უტყუარად დაადასტურა, რომ შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არა მხოლოდ „კამიტი“, არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია,“- განაცხადა “ქართული ოცნების” პრემიერმა.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ 5 დღის წინ BBC-ის „დიფ სთეითის მიერ მართული პროპაგანდისტული იარაღი“ უწოდა.
ივანიშვილის გუნდი 1 დეკემბერს გამოეხმაურა BBC-ის გამოძიებას, რომლის თანახმადაც, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი გამოიყენეს.

„ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ ბრიტანულ მედიას საერთაშორისო სასამართლოებში უჩივლებდა.

banner
წინა სტატიაშიკანცელარიასთან აქციაზე გიორგი მელითაური დააკავეს
შემდეგი სტატია“საქართველოს გათავისუფლების შემდეგ შევქმნათ ეროვნული მეხსიერების სახელმწიფო ინსტიტუტი და მას ვუწოდოთ ნიკა რურუას სახელი” – სააკაშვილის ინიციატივა