33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

კობახიძე: აშშ-ის საელჩოს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, თუმცა მათი საქმეა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისთვის სრულიად გაუგებარია აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომელიც „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ შექმნის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

„რაც შეეხება საელჩოს განცხადებას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო ერთ-ერთი მთავარი, ვინც საქართველოში ხელოვნურად ცდილობდა სიძულვილის გაღვივებას, სიცრუის ტირაჟირებას. სამწუხაროდ, ეს პროცესები იყო კოორდინირებული. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საელჩოს ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, თუმცა მათი საქმეა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებაში სიძულვილის გავრცელება არ დავუშვათ. რაც შეეხება ქართულ -ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში და კვლავაც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენი სურვილია, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მოთმინებით დაველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ პოზიციას”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ს საელჩომ „რადიო თავისუფლების“ კითხვას, რომელიც შეეხებოდა სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების შეურაცხყოფისთვის მოქალაქეების დაპატიმრებასა და ახლად შექმნილ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“, უპასუხა, რომ „შეშფოთებულია ამ სამმართველოს შექმნით“.

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“, – განუცხადეს საელჩოში „რადიო თავისუფლებას“.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე ხარძიანის საქმეზე – ამ ყველაფერში იყვნენ ჩართულები მაშინდელი რეჟიმის მაღალჩინოსნები
შემდეგი სტატია“ამაზე დიდი უბედურება რა უნდა დაგვმართნოდა, მაგრამ ამასაც კი მოერია პროპაგანდა”- ნანუკა ჟორჟოლიანი შოვის ტრაგედიაზე