კობახიძე – ამერიკის ელჩისგან ველოდით პასუხს, რომ საელჩოდან მოსამართლეზე ზეწოლა არავინ უკადრია, ეს არ მოვისმინეთ, რაც ძალიან დამაფიქრებელია

თუ სადღაც არსებობს რისკი, რომ ვიღაც შეიძლება მოსამართლეზე ზეწოლას ახდენდეს, ამას შესაბამისი რეაგირება სჭირდება, მათ შორის, ამას შეიძლება დაჭირდეს საკანონმდებლო რეაგირება, თუმცა ეს არის ძალიან ზოგადი იდეა, რა შეიძლება ამაში იგულისხმებოდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ისინი ელოდნენ, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი უარყოფდა იმ ბრალდებას, რომელიც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მხრიდან გაისმა.

„სასამართლო თავს რომ იცავს ზეწოლისგან, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ამას ვერავინ დაარქმევს კამპანიას ვინმეს წინააღმდეგ. თუ სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება და სასამართლო ამისგან თავს იცავს, ეს არის ჯანსაღი მოვლენა, სასამართლო არის ერთ-ერთი ინსტიტუტი, ამ ინსტიტუტს წარმოადგენენ მოსამართლეები და შესაბამისად, ისინი როცა თავს იცავენ, ეს არის ლოგიკური გაგრძელება. რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხს, ველოდებოდი მკაფიო განმარტებას და იმის უარყოფას, რომ ასეთი ჩარევა არ მომხდარა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს წარსულში, როცა კამპანია აგორებული იყო ზეწოლასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის საელჩოდან ამას არავინ იკადრებდა. სწორედ ასეთ პასუხს ველოდით ამერიკის ელჩისგან, რომ ის დარწმუნებული იყო, რომ ამერიკის საელჩოში ეს არავის უკადრია, შესაბამისად, ვფიქრობდით, ის უარყოფდა იმ ბრალდებას, რომელიც გაისმა მოსამართლე ჩხიკვაძის მხრიდან, თუმცა, ეს არ მოვისმინეთ, რაც ძალიან დამაფიქრებელი და ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენთვის საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, თან ასეთი უხეში ფორმით, როგორზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, ეს ფაქტი ან უნდა იყოს უარყოფილი ძალიან მკაფიოდ და ცხადად, ან ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა ქართველ მოსამართლეზე“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიინოვაცია ქართულ მეღვინეობაში – თიბისი ლიზინგის ხელშეწყობით მოძრავი ქარხანა დაფინანსდა
შემდეგი სტატიაშეხვდა თუ არა კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს, ამ კითხვაზე ელჩისგან გაუგებარი პასუხი მივიღეთ – კობახიძე