ქართული ოცნება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გარდა ამისა, კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირისგან საბიუჯეტო გრანტებზე უარს იტყვიან.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალ ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და, როგორც დღეს დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90%-ზე მეტი გვექნება შესრულებული. ამასთან, ყველა ამ ვალდებულებას ჩვენ ვასრულებთ საკუთარი დაფინანსებით, ევროკავშირის ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე”, – თქვა კობახიძემ.