15-პროცენტიან პარტიას პრემიერობის კანდიდატის გაყვანის არანაირი რესურსი არ აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პრემიერობის კანდიდატის დასახელება ღიმილისმომგვრელია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ამ კომენტარით უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის დაპირისპირება, ხაბეიშვილის ფრთა ამბობს, რომ პრემიერობის კანდიდატის დასასახელებლად ემზადება, ნიკა მელია ამბობს, რომ არაფორმალური მმართველობაა“.
„დაახლოებით 15 პროცენტზეა ჩამოსული „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, რეიტინგი უფრო მეტად შემცირდება. ასეთ დროს ღიმილისმომგვრელია მათი მხრიდან პრემიერობის კანდიდატის დასახელება. ყველამ ვიცით, რომ 15-პროცენტიან პარტიას პრემიერობის კანდიდატის გაყვანის არანაირი რესურსი არ აქვს. შიდა დაპირისპირებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგია, რათა გაძლიერდეს დემოკრატიული სისტემა საქართველოში. რაც ნაკლები „ნაციონალი“ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.