კობა ნარჩემაშვილი : პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა „უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება“ იქნება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნება უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იქნება. ნარჩემაშვილის განცხადებით, მისთვისაც და ქუთაისელებისთვისაც მნიშვნელოვანია ქუთაისში დარჩეს პარლამენტი.

„მე მხარს არ ვუჭერ ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანას, შესაძლებელია, თავის დროზე გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მისი გადატანა არ იყო დაკავშირებული ქუთაისის, როგორც პოლიტიკური ცენტრის განვითარებასთან, მაგრამ ასევე უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იქნება, როდესაც იქ უკვე არის გარკვეული ინფრასტრუქტურა, გარკვეული ტრადიცია შექმნილი, პარლამენტის უკან გადმოტანა, ამის გაკეთებას არც არავინ აპირებს.

ქუთაისში პარლამენტის გადატანამ გააჩინა ეკონომიკური აქტივობები, ზოგი დასაქმდა პარლამენტში, ზოგმა ბინა გააქირავა, ეს თავად ქუთაისისთვისაც არის პრესტიჟი, როდესაც შენს ქალაქშია უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც შეგიძლია შენი პრობლემები დააფიქსირო“, – განაცხადა ნარჩემაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი : ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოსახლეობისთვის არაფერი გაუკეთებია
შემდეგი სტატიაცესკო მეორე ტურის ჩასატარებლად 6 მლნ ლარს ითხოვს