კობა ნაყოფია – ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არ დაუშვებს იმ პოლიციელების ამნისტიას, რომლებიც დანაშაულებრივ ქმედებებში იყვნენ მხილებული

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებით, ნიკა მელიას პოზიციაა, რომ დანაშაულებრივ ქმედებებში მხილებულ სამართალდამცველებს ამნისტია არ უნდა შეეხოს.

„ნიკა მელიამ 13 აპრილს სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ არ დაუშვებს იმ პოლიციელების ამნისტიას, რომლებიც დანაშაულებრივ ქმედებებში იყვნენ მხილებული და რომლებმაც ახალგაზრდებს თვალები დათხარეს 19 ივნისის ღამეს“, – განაცხადა ნაყოფიამ.

კითხვაზე, უნდა შეეხოს თუ არა ამნისტია სამ სამართალდამცველს, რომლებსაც ბრალი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აქვთ წარდგენილი, ნაყოფიამ უპასუხა, რომ „არც ერთ ფაქტს არ უნდა შეეხოს ამნისტია, რომელიც შეიძლება პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებდეს მოძალადეს“.

„გააჩნია, თქვენ რას ეძახით უფლებამოსილების გადამეტებას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამნისტია პერსონალიებს არ ეხება. ახლა, რომ ამბობთ სამი კაცი, მხოლოდ სამი კაციო, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. საზოგადოება შეგნებულად შეგყავთ შეცდომაში იმიტომ, რომ ამნისტია არ ეხება პერსონალიებს, ამნისტია ეხება მუხლებს და იმ მუხლებით, რომელიც ამ ამნისტიაში შეიძლება იყოს, შეიძლება შემდგომში ვერ დააყენო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ პოლიციელების და მოძალადეების მიმართ, ვინც თვალი დათხარა ახალგაზრდებს.

არც ერთ ფაქტს არ უნდა შეეხოს ამნისტია, რომელიც შეიძლება, პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებდეს მოძალადეს, რომელმაც ახალგაზრდებს დათხარა თვალი. უფლებამოსილების გადამეტებამ თუ გამოიწვია ის, რომ ახალგაზრდებს დათხარეს თვალი და ამ შემთხვევაში, იმ პოლიციელების მიმართ საქმე აღძრეს ისეთი რბილი მუხლებით, რომ მფარველობდნენ, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. არ უნდა იყოს იმგვარი კანონი, რომელიც ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლებს მოძალადე პოლიციელებს და მათი ბრძანების გამცემებს“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

კითხვაზე, ამნისტიის კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, დატოვებს თუ არა საპატიმროს ნიკა მელია, კობა ნაყოფიამ უპასუხა: „კარი თუ გაუღე, ციხეში ხომ არ დარჩება“.

„ნიკა მელია გამოვა, არ გამოვა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ მხარს არ დავუჭერთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. როგორც დაიჭირეს, ისე გამოუშვან.

კარი თუ გაუღე, ციხეში ხომ არ დარჩება“, – აღნიშნა ნაყოფიამ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – სამართლიანი მგონია, რომ გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ადამიანურად ბოდიში უნდა მოუხადოს
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი – დიდი სურვილი მექნებოდა, რომ იაგო ხვიჩიას დაეკავებინა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, სანდრო რაქვიაშვილს კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია