კობა კობალაძის შვილს პროკურატურამ ბრალი ჯგუფური ძალადობის მუხლით წარუდგინა

პროკურატურამ “ქართული ოცნების” დეპუტატის, კობა კობალაძის შვილს და კიდევ 5 ადამიანს ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით ბრალი წარუდგინა. მათგან ერთი მიმალვაშია, კიდევ ერთ პირს კი მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან და ის დაკავებულია.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 24 ივნისს, ზაქარიაძის ქუჩის მიმდებარედ, 6 ადამიანი შურისძიების მოტივით თავს დაესხა გ.ე.-ს, რა დროსაც ოთხმა მათგანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო ორმა ბასრი საგნების გამოყენებით დაჭრა.

“აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, დაზარალებულს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიადგა. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული მძიმე დანაშაული დაფარა გ.ბ.-მ”, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების განაცხადებით, ბრალდებულები 11 ივლისს დააკავეს. დეპუტატის შვილს გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება:

მ.კ. და ს.ქ.: ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტი);

დ.ჟ.: ჯგუფური ძალადობა და განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ანდა ცივი იარაღის ტარებისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება (126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი და 238-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილი);

დ.ძ. და დ.კ. (დავით კობალაძე, კობა კობალაძის შვილი): ჯგუფური ძალადობა (126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი);

გ.ბ.: მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა (375-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
უწყების ინფორმაციით, ბრალდების მხარემ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.

რაც შეეხება მიმალვაში მყოფ ვ.კ.-ს, მას გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება. უწყების ცნობით, ვინაიდან ის თავს არიდებს გამოძიებას, მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

banner
წინა სტატიაში“გასართობი ცენტრების მიმართ რეგულაციების გამოყენებაში ნეპოტიზმის ნიშნებია”
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს