„34 წელი გავიდა იმ ეიფორიიდან, როდესაც დამოუკიდებლობადაბრუნებულები ყველაფერს ემოციური ფონიდან ვაფასებდით და თავით გადავეშვით იმ არეალში, რომელიც ჩვენმა არაკეთილმოსურნეებმა შემოგვთავაზეს“, — განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ აფხაზეთის ომის დაწყების 34 წლისთავთან დაკავშირებით.
გმირთა მემორიალთან მყოფმა კობალაძემ აღნიშნა, რომ 14 აგვისტო კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თარიღად, თუმცა დღეს მთავარი მიზანი მომავალ თაობებზე ზრუნვა და მშვიდობიანი თანაცხოვრებაა.
„მას შემდეგ მთელი ჩვენი არსითა და მრწამსით ვცდილობთ, რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეულად გადავლახოთ ეს ტკივილი და ჩვენს შვილებს მივცეთ ერთ ძლიერ და თავისუფალ სამშობლოში თანაცხოვრების საშუალება.
მშვიდობაზე ჩვენი გულანთებული პოზიციონირება არანაირად არ ნიშნავს უუნარობას ქვეყნის თავდაცვისათვის ღვაწლში. რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა და ესწრაფვი მას, მით უფრო მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისთვის“, — განაცხადა კობა კობალაძემ.
14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი შესრულდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის პატივსასაცემად, მოქალაქეები და ვეტერანები დილიდან გმირთა მემორიალთან იკრიბებიან.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომის ძირითადი ფაზა 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. რუსეთისა და სეპარატისტული ძალების მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას 10 ათასამდე ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო 300 ათასამდე ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.















