კობა გვენეტაძე – პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ჩვენ ვართ დამოუკიდებლები, არაპოპულარული გადაწყვეტილებები მივიღოთ

პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ჩვენ ვართ დამოუკიდებლები, არაპოპულარული გადაწყვეტილებები მივიღოთ, – ასე დაასრულა საკუთარი გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძემ საბანკო რეგულაციებზე საუბრისას დეპუტატებს შეახსენა ეროვნული ბანკის მანდატი და ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომელიც უწყების დამოუკიდებლობის გარანტია.

„დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა. მესმის, რომ ამ ეტაპზე გარკვეული საკითხები წამოიჭრა, მაგრამ ჩვენ უნდა შევხედოთ დიდ სურათს და ახლა გავაკეთოთ ის, რაც საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ქვეყანას საფრთხეებს ააცილებს. მინდა, ჩვენმა საზოგადოებამ გაითავისოს, რომ ეროვნული ბანკის მოვალეობაა, მიიღოს საჭირო, ზოგჯერ რთული და არაპოპულარული ზომები სისტემაში რისკების შესამცირებლად და ეს ნაბიჯები მნიშვნელოვანია ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარებასა და სტაბილურობისთვის. დანერგილი რეგულაციების შეფასებისას ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის გრძელვადიანი მიდგომა, რომელიც სექტორის მდგრადობას ემსახურება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი რისკების ლიკვიდაციას და კრიზისის პრევენციას ცდილობს.

„ეს არის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და სურათის დასანახად მონაცემების შეფასება და ანალიზი გვჭირდება, რის შემდეგაც, აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო ცვლილებებსაც განვახორციელებთ. ეროვნული ბანკი მოქმედებს კონსტიტუციით განსაზღვრულ მანდატში. იქ არის მთავარი ჩანაწერი, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. სწორედ დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ვიმოქმედოთ ფინანსური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მანდატის ხანგრძლივობა, სწორედ იმიტომ არ ემთხვევა საარჩევნო ციკლს, რომ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, გვქონდეს თავისუფლება, მივიღოთ არაპოპულარული, თუმცა ქვეყნისათვის აბსოლუტურად აუცილებელი და გადაუდებელი ზომები“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის მთებში გაჩენილი ხანძარი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება (+ვიდეო)
შემდეგი სტატიასუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა