კობა გვენეტაძე – ეროვნული ბანკი უფრო აქტიურია, რადგან სავალუტო ბაზარზე დიდი გაურკვევლობაა

სავალუტო ბაზარზე ძალიან დიდი გაურკვევლობაა, რის გამოც ეროვნული ბანკი გაცილებით უფრო აქტიურია ბაზარზე, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა პარლამენტში, ლარის კურსთან დაკავშირებით დეპუტატ პაატა კვიჟინაძის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას.

„თუ შევხედავთ, გარკვეული პანიკის შემდეგ როგორი მოძრაობა აქვს ეროვნულ ვალუტას, დაახლოებით იგივე ტრაექტორიას იმეორებს, რასაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები. ეროვნული ბანკი გაცილებით უფრო აქტიური არის ბაზარზე, რადგანაც ძალიან დიდი გაურკვევლობაა სავალუტო ბაზარზე და ჩვენი ერთ-ერთი ფუნქციაა, ასეთ უპრეცედენტო სიტუაციებში გარკვეული ნდობის ელემენტები შევიტანოთ, რათა ბაზრებმა არ იმოქმედონ გაუმართავად. მოგეხსენებათ, უფრო აქტიურია სიტუაციიდან გამომდინარე ეროვნული ბანკი. გარდა აუქციონებისა და ინტერვენციებისა, ვმონაწილეობთ ყოველდღიურ ბაზრობებსა და ვაჭრობებში, რომელმაც გაცილებით უფრო ნაკლებად მერყევი გახადა ლარი. ამავე დროს, გადმორიცხვები გაცილებით კარგ მაჩვენებელზეა, ვიდრე სხვა შემთხვევაში გვექნებოდა. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ალბათ უკეთესი იქნება, ანუ გაუარესება ისეთი არ იქნება, როგორც პანდემიის დასაწყისში ვვარაუდობდით. ესეც დამატებითი დადებითი ფაქტორია ლარის კურსის სტაბილურობისა და მაშასადამე, ინფლაციისთვისაც, რასაც ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ბაზარზე ეროვნული ბანკის აქტივობა იმის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ უწყება რეზერვებს აგროვებდა, რომელიც საერთაშორისო ინდიკატორების მიხედვით ადეკვატური არ იყო.

„ამავე დროს, მოზიდული რესურსები დაგვეხმარება, ამ უპრეცედენტო კრიზისის დროს საჭირო ჩარევა მოვახდინოთ ისე, რომ რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი არ გაუარესდეს, რაც ასევე ხელს შეუწყობს სუვერენული რეიტინგების შენარჩუნებას, მომავალში კიდევ ზრდას“
, – განაცხადა გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი-დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს საომარი მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და პროცესები დეესკალაციისკენ, სამშვიდობო შეთანხმებისკენ წავიდეს
შემდეგი სტატიასაგანგებო-კახეთში საცხოვრებელი სახლები,რამდენიმე სახლს ქარმა სახურავი გადახადა