კობა ჩოფლიანი: აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტი საქართველოში არ უნდა გავრცელდეს!

“საქართველოში ეთნიკური და რელიგიური ელფერის მქონე დაპირისპირებების ინსპირირების, წახალისებისა და გაღვივების მცდელობები და მათზე არასწორი რეაგირებები ახალი არ არის. ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების მართვაში არსებული სიღრმისეული სირთულეების კიდევ უფრო დამძიმების პროცესს სამწუხაროდ დასასრული არ უჩანს. საქართველოში ეთნიკური დაპირისპირებების ინსპირირებაში კარგად დახელოვნებული ჩრდილოელი მეზობლის უხილავი ხელისა და მისი განუყოფელი მეწყვილის – საუკეთესო შემთხვევაში საქართველოს გულარხეინობის, ხოლო უარეს შემთხვევაში თვალმოხუჭული თანხმობის ტანდემიც არ არის ახალი. ახალი არის მხოლოდ თემა – სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის მცდელობები და პერსპექტივები! სახეზე გვაქვს ერთი მხრივ ადმიანების ჯგუფები, რომლებიც გულმოდგინედ ცდილობენ აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფოთშორის გარჩევების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებას, ხოლო მეორე მხრივ სავარაუდოდ იკვეთება ამ პრობლემისადმი, როგორც მინიმუმ არასერიოზული დამოკიდებულება/ან მისი ირიბად წახალისების მცდელობები. ამ და სხვა პრობელმების მოსაგვარებლად პროაქტიული მოქმედება არის საჭირო, თორემ შესაძლოა დიდ და მოუგვარებელ შარში აღმოვჩნდეთ. როგორც მინიმუმ საჭიროა 2 რამე:

1. სახელმწიფომ და საზოგადოებამ სხვა ქვეყნების (თუნდაც ძმებისა და ძალიან ახლო მეზობლების) ნებისმიერი საომარი კონფლიქტის საქართველოში პირდაპირი თუ ირიბი გზებით შემომტანთ, პირდაპირ უნდა განუმარტოს, რომ საქართველოში ახალი კონფლიქტების წარმოშობის ადგილი არ არის. ხოლო თუ ვინმეს მაინცდამაინს პირადად სურს, საომარ კონფლიქტში მყოფ ჩვენ მოძმე და მეგობარ ქვეყნებს თავისი ერთგულება დაუმტკიცოს, ასეთ შემთხვევაში ამ კონფლიქტის შარში საქართველოს გახვევის ნაცვლად, სადმე სხვაგან, თუნდაც სომხეთ-აზერბაიჯანის 1007 კილომეტრიან საზღვარზე იპოვოს პატრიოტიზმის დემონსტრირებისთვის თავისი კვადრატი და ადგილი.

2. საქართველოს „შესაბამისმა უწყებებმა“ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმისთვისაც ეგებ მოიცალონ და თან ისე, რომ ჩარევა ახალი კონფლიქტისა და დაპირისპირების წარმოშობის საფუძველი არ გახდეს”,-წერს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი კობა ჩოფლიანი

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: ანაკლიის პორტის პროექტს ზიანი უკვე მიადგა
შემდეგი სტატიალევან გოგიჩაიშვილმა ანრი ოხანაშვილს სასამართლო ხელისუფლების მიერ დანიშნული თავმჯდომარე უწოდა (video)