„კოალიცია თანასწორობისთვის“ სახელმწიფოს 17 მაისს შეკრების თავისუფლებისა და უსაფრთხოების განუხრელი დაცვისკენ მოუწოდებს

„კოალიცია თანასწორობისთვის“ ჰომოფიბიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღისადმი (აიდაჰო) მიძღვნილ შეკრებას სოლიდარობას უცხადებს და სახელმწიფოს მოუწოდებს.

კოალიცია სახელმწიფოს ასევე მოუწოდებს, ლგბტ თემის წევრების, აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების განუხრელად რეალიზება და მათი უსაფრთხოების, ხელშეუხებლობისა და ღირსების დაცვა უზრუნველყოს.

„საქართველოში ლგბტ ადამიანებისა და აქტივისტებისთვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პრაქტიკულად, ჩამორთმეულ უფლებას წარმოადგენს. 2012 და 2013 წელს კლერიკალური და რადიკალური ჯგუფების მიერ აიდაჰო შეკრების ძალადობრივი დარბევის შემდეგ, ლგბტ ადამიანები და აქტივისტები ფაქტობრივად ვერ ახერხებენ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით სრულყოფილ სარგებლობას.

2013 წელს მასობრივი და ძალადობრივი კონტრდემონსტრაციის შემდეგ, რომლის შეკავება სახელმწიფომ დემონსტრაციულად სუსტი და არაეფექტიანი უსაფრთხოების გეგმით ვერ უზრუნველყო, თემის წევრებისთვის ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, საჯარო შეკრების გამართვა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.

ქალაქის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი სივრცეები 17 მაისს კლერიკალურ ჯგუფებს აქვთ დაკავებული, სადაც ისინი აიდაჰო დღის საპირისპიროდ, ხელოვნურად დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ.

თემის წევრების სტრუქტურული ჩაგვრის პირობებში, შეკრების თავისუფლებით სარგებლობის და საჯარო თვითრეპრეზენტაციის შეუძლებლობა თემს საკუთარი საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ პროტესტის გამოხატვისა და საჯარო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის საშუალებას ართმევს.

ამასთან, საჯარო სივრცეებიდან კონკრეტული ჯგუფების გარიყვა აზიანებს დემოკრატიული, პლურალური პოლიტიკური გარემოსა და სამართლიანი საზოგადოების განვითარების პროცესს.

სამწუხაროდ, სახელმწიფო ხშირად არ აღიარებს ლგბტ ადამიანების მიმართ ძალადობისა და უფლებების სისტემური დარღვევის პრაქტიკას, რაც არსებული ჰომოფობიური პოლიტიკური და სოციალური გარემოს გარდაქმას ართულებს. მეტიც, მკვეთრად არაეფექტიანი პოლიტიკით სახელმწიფო ირიბად ხელს უწყობს ძალადობისა და დისკრიმინაციის წახალისებას“, – ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, 17 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციასთან ლგბტ აქტივისტების, სათემო ორგანიზაციებისა და მათი მხარდამჭერების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სრულყოფილად განხორციელება და ამ მიზნით, ეფექტიანი უსაფრთხოების გეგმის გამოყენება უზრუნველყოს.

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე მრევლი და სასულიერო პირები იკრიბებიან, სადაც მღვდელმთავრები პარაკლისს გადაიხდიან.

ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნის პარალელურად კი, მთავრობის ადმინისტრაციასთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ლგბტ პირები და უფლებადამცველები ჰომოფობიას, ტრანსფობიასა და ძალადობას გააპროტესტებენ.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცავებმა „თავისუფალი ზონის“ წევრი დააკავეს
შემდეგი სტატიაყალბი ერთლარიანი მონეტების გასაღების ფაქტზე, ერთი პირია დაკავებული