„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ ხელისუფლებას რუსეთის მიმართ მკაფიო პოლიტიკის განსაზღვრისკენ მოუწოდებს

“რუსულ ოკუპაციასთან საბრძოლველად უაღრესად მნიშვნელოვანია სწორი და თანმიმდევრული დიპლომატიური სტრატეგია და მისი მიზანმიმართული განხორციელება. ქართული სახელმწიფოებრიობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი მუდმივად იყოს თავისუფალი სამყაროსა და რუსეთთან ურთიერთობების დღის წესრიგში. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ძირს უთხრის არა მხოლოდ საქართველოს თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და განვითარებას, არამედ ემუქრება უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მთლიანად ევროპაში. რუსეთის აგრესიული და რევიზიონისტული პოლიტიკის გამო იცვლება რუსეთისადმი დასავლეთის დამოკიდებულება. ხდება ევროპული უსაფრთხოების ახალი დღის წესრიგის ფორმირება, რომლიც ნაწილიც საქართველოს საკითხებიც უნდა გახდეს. რუსული ოკუპაციის თემატიკის მუდმივად დაყენება საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში უნდა გახდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცენტრალური საკითხი და ქართული დიპლომატიური კორპუსის ყოველდღიური საზრუნავი.

ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც შეამცირებს ამგვარ ძალისხმევას – შექმნის ილუზიას რომ საქართველო ან შეეგუა ოკუპაციის ფაქტს და ნაკლებად აქტუალურად მიაჩნია ის, ან ამ პრობლემის გადასაწყვეტად მხოლოდ რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე ამყარებს იმედებს, – შეასუსტებს საერთაშორისო საზოგადოებრიობის ჩართულობას და მაშასადამე გავლენას რუსეთზე, რაც დამღუპველი იქნება ქართული სახელმწიფოებრიობისათვის.

მცდელობები და მოწოდებები შეიქმნას ან გააქტიურდეს სხვადასხვა ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატები რუსეთთან, რომლებიც დააკნინებენ ჟენევის ფორმატს და აქვთ ბუნდოვანი მანდატი, საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის. ასეთი ტიპის ძალისხმევა მხოლოდ ართულებს საქართველოს მდგომარეობას, ქმნის არსებული ვითარების მცდარ აღქმას ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მხრიდან და მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით შეიმუშაოს დეოკუპაციის მკაფიო და მიზანმიმართული სტრატეგია;

არ დაუშვას ჟენევის ფორმატის დაკნინება;

პრაღის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნების შემთხვევაში, მოახდინოს მისი დახვეწა, რაც გულისხმობს მოლაპარაკებების მანდატის მკაფიოდ ჩამოყალიბებას და ქართული მხრიდან მისი ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სტატუსის განსაზღვრას;

მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა დიპლომატიური და ინფორმაციული საშუალება და საერთაშორისო ტრიბუნა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო საზოგადოებრიობის სრული ინფორმირებისათვის.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო – Transparency International Georgia

სამოქალაქო განვითარების სააგენტო – Civil Development Agency

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – International Society for Fair Elections and Democracy

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო – Open Society Georgia Foundation

საქართველოს ატლანტიკური საბჭო – Atlantic Council of Georgia

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია – Georgian Farmers Association

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – Institute for Development of Freedom of Information

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი – The Economic Policy Research Center

მწვანე ალტერნატივა – Green Alternative

საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი – Georgian Center for Security and Development

მედიის განვითარების ფონდი – Media Development Foundation

საქართველოს გაეროს ასოციაცია – UN Association of Georgia

საზოგადოება და ბანკები – Society and Banks

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი – Georgian Foundation for Strategic and International Studies

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – Georgian Democracy Initiative

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი – Georgian Institute of Politics

სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი – Regional Centre for Strategic Studies

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი – In Depth Reporting and Advocacy Center

ხმა საქართველოდან – Voice from Georgia

ლიბერალური აკადემია თბილისი – Liberal Academy Tbilisi

კავშირი საფარი – Union Sapari”

banner
წინა სტატიაშიწინასაარჩევნო დარღვევები – 94 საქმეზე დაწყებული გამოძიება და პასუხისგებაში მიცემული 19 პირი
შემდეგი სტატიასამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო „ჯეო-ჰოსპიტალში“ პაციენტის გარდაცვალების საქმის შესწავლას იწყებს