ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ „ჰააგის დეკლარაციას“, რომელიც საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციასაც მოიცავს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები ბრიფინგით გამოეხმაურნენ.
თენგო თევზაძის განცხადებით, დოკუმენტით კიდევ ერთხელ მიეცა სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება საზოგადოებრივ პროტესტს და დადასტურდა, რომ 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილია დანაშაული, რომელიც გამოძიებას საჭიროებს. მისივე თქმით, მომავალი არჩევნები სამართლიანად ვერ ჩაითვლება, თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მიერ წარდგენილ 6-პუნქტიან გეგმას არ შეასრულებს, არ შეწყვეტს რეპრესიებს და არ გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს. თევზაძემ აღნიშნა, რომ საპროტესტო პროცესი გაგრძელდება, რადგან ამისთვის უკვე საერთაშორისო მტკიცებულებაც არსებობს.
კოალიციის კიდევ ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დელეგაცია იმ დეკლარაციის ჩაგდებას ცდილობდა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მისი თქმით, რეზოლუციაში საუბარია მოქალაქეების წინააღმდეგ სისტემურ წამებაზე, ერთპარტიულ მმართველობაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების გაუქმებასა და პოლიტიკურ დევნაზე. ლემონჯავამ ხაზი გაუსვა, რომ დოკუმენტი მოუწოდებს ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ და „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციების შესრულებისკენ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებთან დაკავშირებული ჩანაწერია.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის — „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“ — მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. დოკუმენტში გამოხატულია სერიოზული შეშფოთება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე, დემოკრატიულ უკუსვლაზე, დემონსტრანტებსა და მედიაზე ძალადობასა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებზე, რაც ასახულია 2026 წლის მარტში გამოქვეყნებულ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში.
















