კლინიკური სექტორი ჯერჯერობით უძლებს ამ დიდ გამოწვევას, რომლის წინაშეც არის, ძალიან სერიოზულ დატვირთვას

​პაციენტების კლინიკურ მომსახურებაში ჯერ არ შექმნილა არანაირი პრობლემა, არანაირი ისეთი კრიზისი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური ჯგუფი ვეღარ მართავს ან უჭირს სიტუაციის მართვა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეპიდვითარება საყურადღებოა, თუმცა საგანგაშო არ არის.

„რაოდენობის მატება პრინციპში სერიოზულია, რომ არა ერთი ფაქტი. კლინიკური სექტორი ჯერჯერობით უძლებს ამ დიდ გამოწვევას, რომლის წინაშეც არის, ძალიან სერიოზულ დატვირთვას. პაციენტების კლინიკურ მომსახურებაში ჯერ არ შექმნილა არანაირი პრობლემა, არანაირი ისეთი კრიზისი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური ჯგუფი ვეღარ მართავს ან უჭირს სიტუაციის მართვა“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ახალი შემთხვევების დღიურ რაოდენობაზე მეტად მნიშვნელოვანი მაჩვენებელია აქტიური შემთხვევების რიცხვი, რითაც ქვეყანა გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს უახლოვდება.

„მიუხედავად პაციენტების დიდი რაოდენობისა, ახალი შემთხვევების რაოდენობაც იზრდება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის ციფრია, რომელსაც არ ექცევა მნიშვნელობა. ესაა აქტიური კოვიდავადმყოფები. ესაა კოვიდავადმყოფები, რომლებსაც დიაგნოზი დაუდგინდათ და ჯერ განკურნებულნი არ არიან. ასეთი დღეისთვის არის 31 500. პრაქტიკულად, მაქსიმალური რიცხვი, რაც საქართველოს აქამდე ჰქონია. ნოემბერ-დეკემბერში იყო 32 000, ანუ პრაქტიკულად გავუსწორდით ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს და დიდი ალბათობით, ეს კიდევ გაიზრდება. იქ ახალი შემთხვევა რამდენია, არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რამდენი ავადმყოფი გყავს ქვეყანაში. კლინიკურმა სექტორმა უნდა უზრუნველყოს ამ 31 500 ავადმყოფობის დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. ამ კუთხით თუ შევხედავთ, არ არის საგანგაშო მდგომარეობა, რადგან განსხვავებით ნოემბრისგან, იყო შეფერხებები, სასწრაფოს დაგვიანებები, ვერ ხდებოდა კომუნიკაცია. ახლა არაფერი ამის მსგავსი არ შეინიშნება. ნაკადი იმართება წარმატებით, გართულებების გარეშე. ხოლო მკურნალობის ხარისხი ჩვენთან ყოველთვის კარგი იყო და დღესაც ასე რჩება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიზეწოლა და ბულინგი ჟურნალისტების წინააღმდეგ, დემოკრატიის მთავარ საყრდენზე თავდასხმაა – კელი დეგნანი
შემდეგი სტატია81 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, ტელეწამყვანი და პედაგოგი მანანა მაჩაბელი