კლინიკების ასოციაცია პრემიერს: მესამე მსოფლიო ომში ვართ, გავშალოთ საველე ჰოსპიტლები

კლინიკების ასოციაცია პრემიერს მიმართავს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მთავრობას კლინიკების მიმდებარედ დროულად გაიხსნას საველე ჰოსპიტლები, ხოლო საავადმყოფოებმა დროულად დაიხმარონ სამხედრო ექიმები.

კლინიკების ასოციაცია მთავრობას მიმართავს ინიციატივით, რომ მედპერსონალი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდეს.

“ფაქტიურად მიმდინარეობს მე-3-ე მსოფლიო ომი, ვებრძვით ბიოლოგიურ იარაღს ვირუსის სახით… კლინიკები პაციენტებს ვერ იტევს… სასწრაფო დახმარების მანქანები რიგებში დგანან… ხშირია დაგვიანებული და გართულებული შემთხვევები… პაციენტებს კლინიკის კოლიდორებში უწევთ დაყოვნება… მედპერსონალის დეფიციტია… ჯანდაცვის მესვეურთა სიჯიუტეს და დისკვალიფიკაციას მდგომარეობა კოლაფსამდე მიყავს… დააკვირდით ჩემი კოლეგების გადაღლილ თვალებს…

არსებული სიტუაციის განტვირთვა შესაძლებელია:

1) დროულად დავიხმაროთ სამხედრო ექიმები, სამხედრო მედდები, სამხედრო სან-ინსტრუქტორები, სანიტრები და მაშველები;

2) დიდი კლინიკების მიმდებარედ დროულად გავშალოთ სამხედრო საველე ჰოსპიტლები (ლაზარეთები), სადაც ვაწარმოებთ პაციენტთა ტრიაჟს და მოვახდენთ ნაწილობრივ ჰოსპიტალიზაციას.

შედეგად მივიღებთ მყისიერ ეფექტს:

1) განიტვირთება კლინიკები;

2) სამხედრო საველე ჰოსპიტლებში სამოქალაქო მედპერსონალს ჩაანაცვლებს სამხედრო სამედიცინო სამსახურის მედპერსონალი;

3) მოიხსნება სასწრაფო მანქანების რიგები და გაიზრედება მათი ოპერატიული მოქმედება;

4) მძიმე და საშუალო პაციენტები შეუფერხებლად განთავსდებიან სტაციონარში;

5) მსუბუქი (მაგრამ საყურადღებო) პაციენტები დარჩებიან სამხედრო საველე ჰოსპიტლებში;

6) უსიმპტომო პაციენტები განთავსდებიან სასტუმროებში ან მიეცემათ რეკომენდაციები სახლის პირობებში.

7) პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობის დიდი ნაწილი განთავისუბლდება ფსიქო-ემოციური სტრესისაგან.
მოგიწოდებთ ზემოხსენებული რეკომენდაცია დროულად გაითვალისწინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიმატებს ფატალური შედეგები, ამავე დროს დღეისათვის არსებული ადამიანური რესურსი ასეთ მძიმე დატვირთვას ვერ გაუძლებს.

ექიმები, ექთნები და სანიტრები 24 საათის მანძილზე, ზოგიერთ შემთხვევაში, კი გადაბმულად 48 და 72 საათის მანძილზე თავგანწირულ შრომას ეწევიან, ბოლო თვეების მანძილზე გაუსაძლისია მათი ყოფა. ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე პრემიების გაცემის საშუალება სამწუხაროდ არ არის, მაგრამ მომაკვდინებელი ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალი, იქნებ საშემოსავლო გადასახადებიდან მაინც გავანთავისუფლოთ.
ბატონო პრემიერო, კლინიკებში შექმნილი მძიმე ვითარების, უკეთ გაცნობის მიზნით, მოგიწოდებთ, მივიდეთ და ერთი დღე გავატაროთ ექიმებთან ერთად სტაციონარში, ადგილზე იხილავთ რეალურ სურათს.

სამწუხაროდ არსებობენ ერთეული, ხელმოცარული სირცხვილის  პოლიტიკოსები, ექიმების მიმართ არაადექვატური გამონათქვამებით, მაგრამ შექმნილი მძიმე ვითარების გამო პოლიტიკურ მოვლენებზე ხელის შეწმენდა არამართებულად მიგვაჩნია, სამწუხაროდ მეტი წილი ბრალეულობა ჩამოქცეულ ჯანდაცვის სისტემაზე და არაკომპეტენტურ მენეჯმენტზე მოდის. ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებების განხორციელების დროა, სისტემაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კადრების შერჩევა პროფესიული ნიშნით აკადემიური წრიდან. დამერწმუნეთ დღეს პეპერობანას თამაშის დრო არ არის… ყოველდღე ადამიანები იღუპებიან… ყოველდღე 30–40 ოჯახი შავებით იმოსება…”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა