კლინიკების ასოციაცია აშშ-სა და EU-ს საელჩოებს მიმართავს: რეალური საფრთხე ექმნება საქართველოს მესამე პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს

საქართველოს კლინიკების ასოციაციია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების სახელზე ღია მიმართვას ავრცელებს. წერილში აღნიშნულია, რომ დაუშვებელია ადამიანები ისჯებოდნენ სამშობლოს სიყვარულის, სუვერენიტეტის დაცვის, თავისუფლებისა და დემოკრატიული მომავლის გამო.

კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს კლინიკების ასოციაცია სთხოვს, დაიცვან მიხეილ სააკაშვილის უფლებები და გამონახონ გზები მისი დროულად განთავისუფლებისთვის. ამავე დროს დიპლომატებს სთხოვენ ყველა სახის ღონისძიებები გაატაროთ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციისა და სტაბილიზაციის მიზნით.

“საქართველოში პოლიტიკური ვითარება დღითიდღე იძაბება, რასაც ართულებს 2 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები, მაგრამ მიუხედავად ამისა ქართველი ერის მისწრაფება ევროპული და დასავლური, დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცეა და უცვლელია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, დაკავებული იქნა სამართალდამცველების მიერ და უკვე მეთორმეტე დღეა, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს საპყრობილეში. პატივს ვცემთ, მის ბრძოლას სამართლიანობისთვის, მაგრამ ყოვლად შემაშფოთებელია მისი განცხადება პროტესტის უკიდურეს ფორმასთან დაკავშირებით და ამასთან ერთად, იგი უარს აცხადებს საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებაზე.

ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურად პასუხობს შიმშილს, ბევრი რამ დამოკიდებულია ქრონიკული დაავადებების არსებობაზე. მეტაბოლიზმის დარღვევა იწვევს, მთელი რიგი სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციების მოშლას, მოგვიანებით პერიოდში შესაძლებელია განვითარდეს იშემიური მოვლენები და პოლიორგანული უკმარისობა. ამავე დროს, რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება შიმშილი, მითუფრო ჩნდება რისკი შეუქცევადი პროცესების განვითარებისა.

საქართველოს ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილი, ექიმები, სამეცნიერო და აკადემიური წრის წარმომადგენლები სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მესამე პრეზიდენტს – პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილს. დაუშვებელია ადამიანები ისჯებოდნენ სამშობლოს სიყვარულის, სუვერენიტეტის დაცვის, თავისუფლებისა და დემოკრატიული მომავლის გამო.

ძვირფასო დიპლომატებო! საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩებო!

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რეალური საფრთხე ექმნება საქართველოს მესამე პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს, ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, სანამ მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება, გთხოვთ, თქვენი ქვეყნის ხელმძღვანელებისა და პოლიტიკოსების აქტიური ჩართულობით, დაიცვათ პოლიტპატიმრის მიხეილ სააკაშვილის უფლებები და გამონახოთ გზები მისი პოლიტპატიმრობიდან დროულად განთავისუფლებისა, ამავე დროს გთხოვთ, ყველა სახის ღონისძიებები გაატაროთ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციისა და სტაბილიზაციის მიზნით.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკოსია და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მსოფლიოს ცნობილ პოლიტიკოსთა შორის. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პოტენციალის რეალიზაცია, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების მოცემულ ეტაპზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – წერია მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: მეორე ტური არის უნიკალური შანსი, რომ დავიწყოთ ცვლილებები და დავასრულოთ ერთპარტიული ჰეგემონია
შემდეგი სტატიაფხაკაძე: თუ ადამიანი რეანიმაციაში მოხვდება, მისი გადარჩენის შანსი დაბალია