პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია კლინიკიდან წერილს ავრცელებს, სადაც საზოგადოებას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას აწვდის და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
მისი განცხადებით, ამ ეტაპზე დაწყებულია ტკივილის მართვის პროცესი, რამაც მნიშვნელოვანი შვება მისცა. ხოშტარია აღნიშნავს, რომ კლინიკაში გადასვლის შემდეგ თავს ბევრად უკეთ გრძნობს, მკურნალობის საბოლოო კურსის განსაზღვრისთვის კი ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს. წერილში პოლიტიკოსი ხაზს უსვამს პენიტენციურ სამსახურსა და სამედიცინო პერსონალთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას.
„მიმდინარეობს ინტენსიური და მაღალკვალიფიციური კვლევები, რომელთა შედეგადაც საბოლოოდ განისაზღვრება მკურნალობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თანამშრომლობა როგორც პენიტენციურ სამსახურთან, ასევე ვივამედთან არის კონსტრუქციული. ამ ეტაპზე მაქვს ყველანაირი ხელშეწყობა. რა წამს ექიმები დამრთავენ ნებას, რა თქმა უნდა, დავბრუნდები ჩემს “მშობლიურ” რუსთავის ციხეში. და გარეთ გამოვალ ყველა სხვა პოლიტპატიმართან ერთად“, – ნათქვამია ელენე ხოშტარიას წერილში.
პოლიტიკოსი წერილის დასასრულს მადლობას უხდის თავის მკურნალ ექიმებს, მაკა იოსელიანსა და ანი ქავთარაძეს, ასევე „თოდუას კლინიკას“ თბილი და კვალიფიციური მიღებისთვის.















