33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

კლიმატის ცვლილება მოსავალს ემუქრება — როგორ პასუხობს სახელმწიფო ახალ გამოწვევებს?

საქართველოში ამინდის მკვეთრი ცვლილებები — ჭარბი ნალექი, რომელსაც ხანგრძლივი გვალვები ცვლის — სერიოზულ საფრთხეს უქმნის ისეთი სტრატეგიული კულტურების მოსავლიანობას, როგორებიცაა თხილი, ვაზი და მარცვლოვნები. არათანაბარი ნალექიანობა ხელსაყრელ გარემოს ქმნის მცენარეთა დაავადებების გავრცელებისთვის.

სწორედ ამ გამოწვევებს მიეძღვნა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენცია „კლიმატური პირობები-გამოწვევები მცენარეთა დაცვაში“, სადაც მინისტრმა დავით სონღულაშვილმა პროცესში ყველა რგოლის, მათ შორის ფერმერების, მეცნიერებისა და დარგობრივი ასოციაციების ერთობლივი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, კლიმატური ცვლილებების ფონზე აქტიურად გრძელდება სახელმწიფო პროგრამები: ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს აზიური ფაროსანას მონიტორინგი და შეწამვლის სამუშაოები. აღმოსავლეთ საქართველოში მიზანმიმართული ღონისძიებები ტარდება იტალიური და მაროკოული კალიების საწინააღმდეგოდ. კლიმატის გავლენის კონტექსტში, სპეციალისტებმა ცალკე იმსჯელეს მეფუტკრეობის დარგში შექმნილ პრობლემებზეც.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, გიორგი იაკობაშვილის განმარტებით, ჭარბი ნალექით გამოწვეული ზიანის თავიდან ასაცილებლად უმნიშვნელოვანესია დროული რეაგირება. კონფერენციის ფარგლებში სამუშაო ჯგუფებმა უკვე შეიმუშავეს კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც ფერმერებსა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირებს დაეხმარება, სწორად დაგეგმონ აგროტექნიკური სამუშაოები და მინიმუმამდე დაიყვანონ მოსალოდნელი ზარალი.

banner
წინა სტატიაშიირანის პრეზიდენტი: ჩვენ არც ბრძოლის ველი და არც მოლაპარაკების მაგიდა არ მიგვიტოვებია
შემდეგი სტატიაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა