კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ახლა „სულელური იქნება“ საპრეზიდენტო ამბიციებზე ფიქრი, რადგან უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის საკითხი წყდება.
„დღეს ამაზე ფიქრი სისულელე იქნებოდა. დღეს ერთადერთი საკითხია, იარსებებს თუ არა უკრაინა. პუტინი არ აღიქვამს უკრაინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ეს არ არის საიდუმლო. ამბობს, რომ უკრაინა რუსეთის იმპერიას ეკუთვნის. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ამიტომ, ახლა ჩემს პოლიტიკურ ამბიციებზე საუბარი სისულელე იქნებოდა“, – განაცხადა კლიჩკომ შვეიცარიულ გამოცემა „20 Minuten“-თან ინტერვიუში.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, გაკვირვებული იყო თუ არა არმიისგან განსხვავებით, პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოპულარობის კლებით, კლიჩკომ უპასუხა, „არა“.
„ხალხი ხედავს, ვინ არის ეფექტური და ვინ არა. ბევრი მოლოდინი იყო და არის. ზელენსკი იხდის დაშვებულ შეცდომების საფასურს. ხალხი საკუთარ თავს ეკითხება, რატომ არ ვიყავით უკეთ მომზადებული ამ ომისთვის, რატომ უარყოფდა ზელენსკი ბოლო წუთამდე, რომ ასე მოხდებოდა, ან რატომ მოახერხეს რუსებმა ასე სწრაფად კიევამდე მოღწევა. იყო ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ჩვენ მას ომის დასრულებამდე უნდა დავუჭიროთ მხარი, მაგრამ ამ ომის ბოლოს ყველა პოლიტიკოსი გადაიხდის თავის წარმატებებისა თუ წარუმატებლობის საფასურს“, – განაცხადა კლიჩკომ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადების საპასუხოდ, რომ ომი ჩიხში შევიდა, კიევის მერმა განაცხადა, რომ მან „სიმართლე თქვა“.
„ზოგჯერ ადამიანებს არ სურთ სიმართლის მოსმენა, მაგრამ საბოლოო ჯამში ამაზე ის არის პასუხისმგებელი. მან განმარტა, რა სიტუაციაა დღეს. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, მოვატყუოთ ჩვენი ხალხი და ჩვენი პარტნიორები, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენმა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გააკრიტიკა ზალუჟნი იმის გამო, რომ მისი მკაფიო სიტყვები უსამართლოა. მე მხარს ვუჭერ მას“, – აღნიშნა კლიჩკომ.