კლაუს შვაბი გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, იგი საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობა დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, მნიშვნელოვანია.

“თქვენი მონაწილეობა 2016 წლის ყოველწლიურ შეხვედრაზე დავოს-კლოსტერსში იქნება მნიშვნელოვანი მოვლენა თქვენი პრემიერ-მინისტრობის დასაწყისში, ასევე საკვანძო ეტაპი საქართველოს ისტორიაში. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სურვილია, წლის განმავლობაში კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან ახალი ინიციატივის, „ეკონომიკური კეთილდღეობის აბრეშუმის გზის“ ფარგლებში, რომელიც თავს უყრის ევროპას, ევრაზიასა და აზიას და მიზნად ისახავს ეკონომიკური ზრდისა და სოციალური ინკლუზიურობის ხელშეწყობას”, – აღნიშნულია წერილში, რომლის თარგმანსაც პრემიერის პრესსამსახური ავრცეკებს.

კლაუს შვაბი საქართველოს მთავრობას მხარდაჭერას უცხადებს.

“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის გზით მსოფლიოში დადებითი ცვლილებების შეტანას, მზად არის თქვენი და თქვენი მთავრობის დასახმარებლად ყველა თქვენს წარმოწყებაში. იმედის თვალით შევყურებთ თქვენთან და თქვენს კაბინეტთან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოში დადებითი ცვლილებების განხორციელების გზაზე. კიდევ ერთხელ, გულწრფელად გილოცავთ. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას დავოსში”, – აცხადებს კლაუს შვაბი.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 20-23 იანვარს გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.

banner
წინა სტატიაშიკალა–უშგულის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა
შემდეგი სტატიაფეხბურთის ფედერაციასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ