8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

“კითხვები ჩემს საჯარო განცხადებებს ეხებოდა” – გია ხუხაშვილი სუს-ში გამოკითხეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, უწყებაში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გამოიკითხა. 4-საათიანი გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ხუხაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

“საკითხი ჩემს საჯარო განცხადებებს ეხებოდა – ძირითადად, Palitranews-ზე გუშინდელ ეთერს, სადაც მე იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე ვისაუბრე, რაც შეიძლება, ამ ომის ფონზე, ირანის მხრიდან რეალიზებული იყოს. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ის შფოთი, რაც ამ განცხადებებს მოჰყვება, სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს. მე კი ვფიქრობ, რომ საქმე პირიქითაა. სჯობს, ჩვენ ცოტა შევშფოთდეთ და სახელმწიფო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. ამ თემაზე ვერ შევთანხმდით, დანარჩენი კონსტრუქციული საუბარი იყო.

ჩემი გუშინდელი ინტერვიუ, რასაც დღევანდელი გამოკითხვა ეხებოდა, იმით დავიწყე, რომ ჩემს ანალიზში მხოლოდ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას ვეყრდნობი და ამის ფარგლებში ვსაუბრობდი. ეს გამოკითხვაზეც დავადასტურე. მე რომ რაიმე სპეციფიკური მცოდნოდა, ამაზე საჯაროდ არ ვილაპარაკებდი და პირველ რიგში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შევატყობინებდი”, – თქვა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, 9 მარტს, PALITRANEWS-ის ეთერში ჟურნალისტმა გიან ხუხაშვილს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს განცხადება წაუკითხა, რომლითაც ისინი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში “არააუცილებელი” მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. სააგენტოს განცხადებებში წერია, რომ აშშ-ისრაელის მიმდინარე ოპერაციის ფონზე რეგიონში ირანის მხრიდან ისრაელელი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედების რისკი მაღალია. ამაზე ხუხაშვილმა უპასუხა, რომ საფრთხე რეალურია და შეიძლება, ტერაქტების სერია დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს სუს-ში ტაბულას უთხრეს, რომ ბოლო დღეებში რამდენიმე პირის მიერ გაკეთდა საჯარო განცხადებები “საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ”, რაზეც უწყებამ გამოძიება დაიწყო.

გია ხუხაშვილის გარდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაიბარა.

სავარაუდოდ, სუს-ს კითხვები ჰადსონის ინსტიტუტის კვლევასა და პოლიტიკოსების მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებებზე აქვს.

banner
წინა სტატიაში“ფასების შემცირებაც არ არის გამორიცხული” – ნავთობიმპორტიორთა კავშირი საწვავის გაძვირებაზე
შემდეგი სტატიაუნგრეთის პარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო