“კითხვა მაქვს : ამ თქვენი ბრწყინვალე იდეებიდან, რომელს გიბლოკავდათ კვირიკაშვილი?” – ბოკერია ბახტაძეს

მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან კანონმდებლებს სამთავრობო პროგრამა და ინიციატივები გააცნო. ამის შემდეგ კი პრემიერობის კანდიდატი და მისი გუნდი დეპუტატების კითხვებს ისმენდნენ.

პრემიერობის კანდიდატთან კითხვები აქვთ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა მამუკა ბახტაძის პროგრამას უაზრო და ლოზუნგებად დარჩენისთვის განწირული უწოდა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ბახტაძეს ჰკითხა, მისი იდეებიდან რომელს ბლოკავდა უკვე ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი.

„მე ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან: ამ თქვენი ახალი ბრწყინვალე იდეებიდან, რომლის განხორციელებაში გიშლიდათ ხელს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, რომელს გიბლოკავდათ აქამდე? თუ არც ერთს გიბლოკავდათ და ყველა ეს ბრწყინვალე იდეა მას შემდეგ მოგივიდათ, რაც გაირკვა, რომ მისი მოხსნა გადაწყდა.

თქვენ არაფერი გითქვამთ სასამართლო სისტემაზე და მის რეფორმირებაზე, სწორად გავიგე მე, რომ თქვენც წულუკიანის ჭკუაზე ხართ და ფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგად არის? მაგალითად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე, რომელიც საკვანძო ინსტიტუტია, რომელმაც ნდობა უნდა მოიტანოს სასამართლოში და რეალური შეჯიბრებითობა, რომლის გაფართოებაც თქვენმა გუნდმა გააჩერა. ამაზე გვითხარით, ან დაგვიმძიმეთ ვითარება ან გვითხარით, რომ არ იზიარებთ იმ მოსაზრებებს, რომელიც აქვს წულუკიანს“- მიმართა ბოკერიამ ბახტაძეს.

ბახტაძის თქმით, კვირიკაშვილს ბევრი კარგი იდეა ჰქონდა. რაც შეეხება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს ბახტაძემ განაცხადა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ქვეყნის გაძლიერებისთვის. პრემიერობის კანდიდატის თქმით, ეს ინსტიტუტი უნდა გაფართოვდეს.

„მინდა შეგეკითხოთ, ვიცი რას გულისხმობთ, რომ ჩვენ მავნებლური პროექტები წარმოვადგინეთ, როგორც მე ვფიქრობ თქვენ გულისხმობთ ჭარბვალიანობის აღმოფხვრას, თქვენ გადმოგეცათ დოკუმენტი რომელშიც ჩანს, რომ ეს რეგულაცია იქნება ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული… წაიკითხეთ პირველი წინადადება, რომ ეს იქნება ძალიან დადებითი ნაბიჯი ჩვენი ეკონომიკისთვის, გუშინ ეს საბუთი გადმოგეცათ ძალიან ცუდია, თუ არ გაეცანით, “-განაცხადა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიჭარბვალიანობის პრობლემა დაიწყო 2007 წლიდან – მამუკა ბახტაძის პასუხი რომან გოცირიძეს
შემდეგი სტატია,,აბსურდის თეატრი, ივანიშვილმა სახელმწიფო გაანადგურა”