კირკუკში, ერაყსა და ქურთისტანს შორის ომი იწყება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 17, 2017 02:12

კირკუკში, ერაყსა და ქურთისტანს შორის ომი იწყება

ერაყის არმია ქურთისტანთან სადაო ტერიტორიას – ქალაქ კირკუკს მიადგა, რასაც ერაყის ცენტრალური ხელისუფლების ძალებსა და დამოუკიდებლობის მსურველი ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის შეიარაღებულ ძალებს შორის ახალი რეგიონალური კონფლიქტი შეიძლება მოჰყვეს.
ერაყული და ქურთული წყაროების ცნობით, ერაყის არმიამ და უსაფრთხოების ძალებმა, კირკუკში სამხედრო ბაზისა და ნავთობის ჭაბურღილების ასაღებად მოქმედება დაიწყო.

ოფიციალური ცნობით, ერაყის პრემიერმა ჰაიდარ აბადიმ, შეიარაღებულ ძალებს კირკუკში ყველა კომპონენტის უსაფრთხოების დაცვის მითითება მისცა.
ერაყის ცენტრალური ტელევიზიის ცნობით, პრემიერმა აბადიმ, კირკუკში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქალაქის მოსახლეობას და დამოუკიდებელი ქურთისტანის სამხედრო შენაერთს ფეშმერგეებს თანამშრომლობა სთხოვა. სახელმწიფო ტელევიზიამ ეკრანის მარჯვენა კუთხეში განათავსა წარწერა „ჩვენი მიზანია კირკუკის მოსახელობის კეთილდღეობა,,
ერაყის ერთობლივი ოპერაციების სარდლობამ კი კირკუკში მყოფი შეიარაღებული ჯგუფები გააფრთხილა ცეცხლი არ გაუხსნას ცენტრალური ხელისუფლების ძალებს. ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ ტერორიზმთან ბრძოლის ძალების მეცხრე ბრიგადამ და ფედერალურმა პოლიციამ, კირკუკში შეტაკების გარეშე დიდ ნაწილზე დაამყარა კონტროლი. პრემიერ აბადის თქმით, „ერთობლივი ოპერაციების სარდლობის ქვეშ მყოფი შიიტური დაჯგუფება ,,ჰაშდი შაბი,, (რომელსაც ირანი მიერ მართულ ძალად მიინევენ რედ.) ერაყის შეიარაღებულ ძალებს კირკუკის გარეთ უწევს მხარდაჭერას.“
ერაყული არმიის მიერ კირკუკში შესვლას განსხვავებულ ინტერპრეტაციას უკეთებს ქურთისტანის ხელისუფლება… ერაყის ქურთული ავტონომიის უსაფრთხოების სააგენტოს მიერ „ტვიტერი“-ს ოფიციალურ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერაყულმა ძალებმა და ,,ჰაშდი შაბიმ,, კირკუკის სამხრეთში მდებარე ტაზეჰურმატუდან მოქმედება დაიწყეს. განცხადების მიხედვით, აღნიშნული ძალების მიზანია ქალაქ კირკუკში შესვლა და ფეშმერგეს კონტროლის ქვეშ მყოფი „K1 სამხედრო ბაზის“ და ნავთობის ჭაბურღილების აღება. ფეშმერგეს სარდლებიდან პოლკოვნიკი სალარ ტეიმური კი აღნიშნავს, რომ ტაზეჰურმატუს დაბის ახლოს ერაყის არმიამ და ,,ჰაშდი შაბიმ,, მათ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა და სროლები უკვე მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ძველესი ქალაქი კირკუკი (უძველესი სახელწოდება – არაბხა), რომლის მოსახლეობაც მილიონამდე მაცხოვრებელს ითვლის და რომელშიც ნავთობის მდიდარი საბადოებია, ძირითადად ქურთებითაა დასახლებული. 2014 წელს, კირკუკზე ,,ისლამური სახელმწიფოს,, შეტევის დროს, ქალაქიდან გაიქცნენ ერაყის სამხედრო ძალები, თუმცა ქურთების ,,ფეშმერგამ,, ქალაქი მალევე დაიკავა. მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, ქურთისტანში ჩატარებული რეფერენდუმი კირკუკზეც გავრცელდა, თუმცა რეფერენდუმზე დამოუკიდებლობის თემაზე კენჭისყრის პარალელურად, კირკუკის მოსახლეობამ, მეორე პლებისციტშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც ქალაქის – ქურთისტანის შემადგენლობაში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი, რასაც ერაყის ხელისუფლება კატეგორიულად არ ეთანხმება.
ერაყის ცენტრალური ხელისუფლების შეიარაღებული ძალები, რომელთაც ქვეყანა ,,ისლამური სახელმწიფოს,, ბოევიკებისაგან ჯერ კიდევ არ გაუწმენდიათ, არც თუ ისე ანგარიშ გასაწევ ძალას წარმოადგენს, კარგად შეიარღებულ და ბრძოლებში გამოცდილ 80.000-ან ქურთულ ფეშმერგასთან შედარებით, თუმცა ერაყის ხელისუფლებას ქურთების წინააღმდეგ აქეზებენ და დახმარებას ჰპირდებიან თურქეთი და ირანი, რომლებიც ქურთისტანის დამოუკიდებლობის გამოცხადებით, საკუთარ ქვეყნებში ქურთული პრობლემის ესკალაციას ვარაუდობენ.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 17, 2017 02:12